Galt & Taggart-ში მიიჩნევენ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის შესანარჩუნებლად აუცილებელია ქვეყანაში როგორც უცხოური, ასევე შიდა ინვესტიციების ზრდა.
როგორც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ BMG-ის განუცხადა, წლევანდელ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მოხმარებას აქვს, ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციების კონტრიბუცია.
მისივე თქმით, საშუალოვადიან პერიოდში 7%-იანი ზრდის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სწორედ ინვესტიციების ზრდა იქნება.
ამასთან, Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს ზრდის ტემპი 6%-ის ფარგლებში იქნება.
“ეკონომიკურ ზრდაში მთავარ კონტრიბუტორად მოხმარება რჩება, ამასთან, ინვესტიციები ჯამურად პირველ ნახევარში პოზიტიური არის. პირველ კვარტალში იყო საკმაოდ გაზრდილი ინვესტიციები და ეს უკავშირდება იმას, რომ საბაზო ეფექტი მოქმედებდა. გასული წლის პირველ კვარტალში საკმაოდ დიდი შემცირება იყო.
წელს მოსალოდნელია 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, მომავალ წელს კი ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება 6%-ის ფარგლებში. ეს არის სწორება იქითკენ, რომ ნელ-ნელა, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის პოტენციური ზრდის ტემპს დაუზხლოვდეს, რაც ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 5.5-6%-ის ფარგლებშია.
როდესაც ვსაუბრობთ საშუალოვადიან და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების ტრენდზე, თუ გვინდა, რომ მაღალი ეკონომიკური აქტივობა შევინარჩუნოთ, საჭირო არის, რომ ინვესტიციების დონე იყოს გაზრდილი ორივე მიმართულებით. ჩვენი შეფასება არის გაკეთებული, რომ თუ ინვესტიციების დონე საშუალოვადიან პერიოდში დაუახლოვდება მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი უკვე ამ ინვესტიციებზე ორიენტირებული იქნება და აქედან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში 7%-ის ფარგლებში იქნება ზრდის ტემპი. ინვესტიციების მიმდინარე დონე კი 23%-ია. ანუ, ეკონომიკური ზრდის ამ დონეზე შენარჩუნებისათვის საჭირო არის მაღალი ინვესტიციების დონე, როგორც საგარეო, ასევე შიდა”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში, საქართველოს ეკონომიკა 6.6%-ით შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი რვა თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.




























