მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო ფორმა სისტემური პრობლემების იგნორირების სანაცვლოდ

განათლების სამინისტროს შპს "საგანმანათლებლო რესურსებმა" სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა გამოაცხადა. გამარტივებული შესყიდვის ობიექტია 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის შესყიდვა. მიწოდება კი ორ ეტაპად უნდა მოხდეს: I ეტაპი საქონლის არანაკლებ 30%-ის მოწოდება არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, II ეტაპი საქონლის დარჩენილი რაოდენობა არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. შესყიდვას ახლავს სასკოლო ფორმების დიზაინიც და დარწმუნებული ვარ ბევრმა თქვენგანმა ნახა ეს ესკიზიც. სწორედ ამ ფორმით უნდა იარონ ახალი სასწავლო წლიდან 1-დან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა.

განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ამბობს, რომ მშობლებისთვის ფორმების ხარჯი სტანდარტული ტანსაცმლის ღირებულებასთან შედარებით 30-დან 50%მდე იაფი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კვლევა ახლა მიმდინარეობს და დიზაინიც დამტკიცების პროცესშია, გაბისონია აცხადებს, რომ ღირებულება 100 ლარი ფარგლებში უნდა იყოს.

სახელმწიფო გაითვალისწინებს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსაც და მათთვის ფორმის ხარჯს სრულად ბიუჯეტიდან დავფარავთ. სხვა კატეგორიებისთვის დამატებითი გადაწყვეტილებები ჯერ განხილვის ეტაპზეა. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ახალი სისტემის მიზანი მშობლების ფინანსური ტვირთის შემცირება და პროცესის სახელმწიფო კონტროლია, რათა თავიდან იქნას აცილებული ზედმეტი ხარჯები და ფასების ხელოვნური ზრდა. ანუ სამინისტრომ ერთ-ერთ მთავარ ფუნქციად განისაზღვრა იმაზე ზრუნვა როგორი იქნება სასკოლო ფორმა და გადაწყვიტა რომ ეს ხარჯიც სოცდაუცველებისთვის ბიუჯეტმა უნდა დაფაროს. ამ ფონზე კი არაფერს ამბობს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მაგ. წლობით დანგრეული და ვერ აშენებული სკოლები. თბილისში ათობით სკოლა წლებია დანგრეულია და არ შენდება. მოსწავლეები მეორე და მესამე ცვლაში უკვე 4-5 წელია დადიან მირკოავტობისებით, რომელიც სხვათა შორის ასევე დამატებითი ხარჯია.

სამინისტრომ გადაწყვიტა ხელი მოჰკიდოს ესოდენ მნიშვნელოვან პრობლემას როგორიცაა ფორმებით სიარული მაშინ, როცა ამ მოსწავლეების დიდ ნაწილს არ აქვს მინიმალურ დონეზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. სკოლის სველ წერტილებში არ არის დაცული ელემენტარული ჰიგიენური ნორმები და სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ ეხება ერთეულ სკოლებს, ან მაღალმთიან სკოლებში არსებულ სასწავლო დაწესებულებებს. მასწავლებლების განათლების დონე და სწავლების მეთოდოლოგია უხშირეს შემთხვევაში ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. და ამის დასტურია ის კვლევის შედეგები რომლებიც ეტაპობრივად ქვეყნდება. ჩვენი სწავლების დონე სკოლებში არათუ უმჯობესდება, არამედ ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ კვლევაში რეგრესს აჩვენებს. ჩვენი მოსწავლეების დიდ ნაწილს არ ესმის ეს ახსნილსაც კი, იმიტომ რომ გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა ამბობს, რომ მათ საგაკვეთილო პროცესში აწუხებთ შიმშილი.

არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან მასწავლებლებიც, რომელთა ხელფასი ყველა დროის ყველაზე დაბალანაზღაურებადთა კატეგორიაშია. ბოლო საქსტატის განახლებით ეს თანხა 1517 ლარს შეადგენს, რაც საშემოსავლო გადასახადის გამოკლებით თვეში 1214 ლარია. და ეს გახლავთ საშუალო და არა მედიანური ხელფასი, რომელიც რეალურად ბევრად უფრო დაბალი და რეალურია.

ამ ფონზე, მაშინ როცა სკოლებში არაერთი პრობლემაა, რატომ და ვისთვის იწყება მსგავსს თემებზე მუშაობა?

სტუმარი: შალვა ტაბატაძე - განათლების მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები