თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და სოციალური ქსელის საშუალებით, სოლიდარობა გამოუცხადა.
"გამაოგნებელია ის ფაქტი, რაც მსოფლიომ ახლახან იხილა - საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპზე თავდასხმა, რამაც შოკში ჩააგდო ცივილიზებული საზოგადოება. თავდასხმას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დაშავდნენ რიგითი მოქალაქეები. ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა უდიდესი დანაშაულია, მით უფრო, როდესაც საუბარია საპრეზიდენტო კანდიდატზე, რომელსაც მხარს უჭერს ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი.
სასტიკად ვგმობთ დონალდ ტრამპზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას, ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას და მთელი შემართებით საარჩევნო კამპანიაში ჩართვას! ჩვენს მეგობარ ამერიკელ ხალხს კი ვუსურვებთ მშვიდობას და საკუთარი არჩევანის მშვიდ, სამართლიან გარემოში გაკეთებას!",- ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
ინფორმაციისთვის, ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავს დღეს დაესხნენ. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.