სასტუმრო “არგე“ ინფრასტრუქტურულ განახლებას ერთ თვეში დაასრულებს, - ამის შესახებ BM.GE-ს სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ნინო პაპუნაშვილმა განუცხადა.
სასტუმროს ადგილას 1998 წლიდან ღვინის ქარხანა იყო განთავსებული. ხოლო, 2018 წლიდან სასტუმროს სახით ოპერირებს და სარესტორნო სივრცეს, სასტუმროს, ღვინის მარანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს. სასტუმრო 32 ნომრისგან შედგება და ჯამში 90-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ამასთან, კომპლექსი მომხმარებლებს ღვინის დეგუსტაციას, ჭაჭის გამოხდასა და ქართულ, ტრადიციულ კერძებს სთავაზობს.
გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, სასტუმროში ამ დრომდე განახლების პროცესი მიმდინარეობდა. 1 თვეში სარემონტო სამუშაოები სრულად დასრულდება და მომხმარებლებს განახლებული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებენ.
„ახლა განახლების დასრულების ეტაპზე ვართ. არსებული ძველი ტიპის ღვინის ქარხანა განვაახლეთ, სადეგუსტაციო სივრცე გავაკეთეთ, სადაც მომხმარებელს ღვინის დეგუსტაციას ჩავატარებთ, ამასთან ტექნოლოგიისა და ღვინის შესახებ სხვადასხვა ისტორიების გადაცემას უზრუნველვყოფთ. ამასთან, ახალი სარესტორნე სივრცე გვექნება და ვგეგმავთ, ე.წ. მაის ტურიზმის მიმართულებით განვითარებას და რის შესაძლებლობასაც არსებული ინფრასტრუქტურა იძლევა.
იქიდან გამომდინარე, რომ ეს სივრცე ღვინის ქარხანა იყო, ჩვენ მთლიანად ღვინოზე ვართ აგებული. თუმცა, ჩვენს მიერ წარმოებული ღვინის დაგემოვნება/შეძენა, ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილზეა შესაძლებელი.
ტურისტული ობიექტის სრულად მოსაწყობად, საერთო ჯამში $0,5 მლნ-ის ინვესტიცია განვახორციელეთ. მასში განთავსება კი, დაბალ სეზონზე ერთი ღამით 140 ლარიდან იწყება, ხოლო მაღალ სეზონზე მისი ფასი270 ლარიდან განისაზღვრება,“- აცხადებს პაპუნაშვილი.
მენეჯერი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ პრობლემა კვლავ ჯავშნებია. მისი თქმით, ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება და არასეზონურ პერიოდში, კახეთი პარალიზებულია. სწორედ ესაა იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ ბიზნესი "მაის" ტურიზმის მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, სასტუმროში ჯამში დაახლოებით 30-მდე ადგილობრივია დასაქმებული და მათი რაოდენობის ცვლა სეზონზეა დამოკიდებული.
ცნობისთვის: კახეთში, თელავის რაიონ სოფელ რუისპირში სასტუმრო „არგე“ 2018 წლიდან ოპერირებს. სასტუმროს ადგილას, 1998 წლიდან ღვინის ქარხანა ფუნქციონირებდა, რომლის განახლება მოხდა. კომპლექსი სარესტორნო სივრცეს, სასტუმროს, ღვინის მარანსა და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.ამასთან მომხმარებელს ადგილზე შეუძლია ქართული, ტრადიციული კერძების დაგემოვნება, ჭაჭის გამოხდა და ღვინის დეგუსტაცია.