სასტუმრო Chalet Akhaltsikhe, რომელიც სამცხე-ჯავახეთში, ახალციხესთან ახლოს, სოფელ საძელში 8 წელია ოპერირებს, ობიექტს ახალ ნომრებს ამატებს. ამის შესახებ ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, მარიანა ბალასანიანმა BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე ცნობით, სასტუმრო ჯამში 8 ნომრისგან შედგება, თუმცა ობიექტს წლის ბოლომდე მე-9 ნომერი უნდა დაემატოს. სასტუმრო ძირითადად უცხოელ ვიზიტორებს მასპინძლობს და სტუმრებს მშვიდ გარემოსთან ერთად, ტრადიციული ქართული გემოებსა და ყველის ამოყვანის მასტერკლასს სთავაზობს.
„ჩვენი ბიზნესი სეზონურია. შეიძლება ითქვას, რომ მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ 2 თვე ვართ დატვირთული. ზამთარში არ ვმუშაობთ, რადგან ნომრებში გათბობის პრობლემაა.
გვსტუმრობენ რუსეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, წელს ასევე გვსტუმრობდნენ სომხეთიდან და უკრაინიდან. სულ ვვითარდებით. ჯამში 8 ოთახი გვაქვს, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეშია გათბობა. წელს, წლის ბოლომდე ახალი ნომერი უნდა დაგვემატოს. სამუშაოები თითქმის დასრულებულია და მასში მინიმუმ 12000 დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ეს ოთახი შეძლებს ზამთარში ფუნციონირებასაც, რადგან გათბობით იქნება უზრუნველყოფილი. ახალი ოთახი რიგით მეცხრე ოთახი იქნება, რომელსაც გავხსნით. მომავალ წელს კი კიდევ 3 ნომრის დამატებას ვაპირებთ. ამ ნომრების ფუნდამენტი უკვე არსებობს და საჭიროა ფინანსური რესურსი. ახალი ნომრების დამატება იმითაა განპირობებული, რომ დიდი ჯგუფების მიღებაც თავისუფლად შევძლოთ. სასტუმროში ჯამში 25 ადამიანის განთავსება შეგვიძლია. ერთი ღამით განთავსება კვებით, 120 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს“, - აცხადებს ბალასანიანი.
რაც შეეხება გამოწვევებს, ობიექტის დამფუძნებლის განმარტებით, რეგიონში ადამიანური რესურსი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი თქმით, ამ დრომდე ობიექტი 3 ადამიანს ასაქმებდა, საიდანაც ორი ბათუმში საცხოვრებლად გადავიდა და ახალი კადრების მოძიება მნიშვნელოვან პრობლემად იქცა.