მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასტუმრო "გარემო" ფართოვდება - რას შესთავაზებს ობიექტი მომხმარებელს?

გარემო

რაჭაში მდებარე სასტუმრო „გარემო“ ფართოვდება და არსებული დიდი კოტეჯის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-სთან ინტერვიუში ობიექტის თანადამფუძნებელმა თამარ დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 200 000 ლარს შეადგენს.

„გვაქვს ერთი დიდი კოტეჯი, რომლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინტერიერი, ავეჯი, ინფრასტრუქტურა – ყველაფერი აბსოლუტურად განახლებული იქნება. პარალელურად, ვგეგმავთ მთლიანად ტერიტორიის კეთილმოწყობასაც, რათა სტუმრებს მეტი კომფორტი შევთავაზოთ“, – აცხადებს თამარ დავითულიანი.

დღეის მდგომარეობით, „გარემო“ ოთხი კოტეჯით ოპერირებს, თუმცა გაფართოების შემდეგ ობიექტი ჯამში ცხრა ნომრით იქნება წარმოდგენილი. მისი თანადამფუძნებლის თქმით, ახალი ნომრები სასტუმროს ტიპის, სრულად იზოლირებული სივრცეები იქნება, სხვადასხვა კონცეფციით – ნაწილს ექნება ბუხარი, ნაწილს კი ჯაკუზი.

თამარ დავითულიანის თქმითვე, მოთხოვნა ობიექტზე მუდმივად არსებობს, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, როდესაც თოვლიანი გარემო და ბუხრით აღჭურვილი კოტეჯები სტუმრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია. რაც შეეხება ფასებს, 180 ლარიდან 250 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია სეზონზე, დატვირთვასა და კონკრეტული ნომრის მახასიათებლებზე.

„ფასები ძირითადად 180-250 ლარის ფარგლებშია. მაღალი მოთხოვნის პერიოდში, მაგალითად დღესასწაულებზე, ფასი მაქსიმუმს აღწევს, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ, მოქნილობა შევინარჩუნოთ“, – განმარტავს დავითულიანი.

მისივე განცხადებით, სტუმრების ძირითადი ნაწილი ქართველ ტურისტებზე მოდის, რომლებიც ობიექტს ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით უკავშირდებიან. ამასთან, მიუხედავად მოთხოვნისა, ზამთარში გარკვეულ სირთულეებს ქმნის ინფრასტრუქტურული პრობლემები და ამინდის ფაქტორი.

„მოთხოვნა არის, მაგრამ ზამთარში ყველაფერი თოვლზე და პირობებზეა დამოკიდებული – იქნება თუ არა გზა, შუქი, წყალი. ამიტომ ჯავშნებს მაქსიმუმ ერთი-ორი კვირით ადრე ვიღებთ, რადგან არ გვინდა შემდეგ სტუმრებისთვის უარის თქმა ან თანხების დაბრუნება მოგვიწიოს“, – აღნიშნავს ის.

ამ ეტაპზე სასტუმრო „გარემოში“ ოთხი ადამიანია დასაქმებული, ხოლო ზაფხულის სეზონზე პერსონალის რაოდენობა ორმაგდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები