დუშეთში მდებარე გლემპინგ კოტეჯი, „ნანოლენდი“ გაფართოვდა.
როგორც „ნანოლენდის“ დამფუძნებელმა, ნანიკო კელიხაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, ობიექტს ახალი კოტეჯი დაემატა, რომელიც საახალწლოდ გაიხსნა და პირველი სტუმრებიც უკვე მიიღო.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო ბაზალეთის ტბიდან 2 კილომეტრში მდებარეობს, რაც შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის.
„გლემპინგის სერვისით ძირითადად წყვილები სარგებლობდნენ, თუმცა საჭირო გახდა მეგობრული თავშეყრებისთვის ისეთი კოტეჯის შეთავაზება, რომელშიც რამდენიმე ადამიანის განთავსება იქნებოდა შესაძლებელი. ახალ კოტეჯში 4-5 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და მასში განთავსების ღირებულება 2 ადამიანის განთავსების შემთხვევაში 150 ლარს, ხოლო 4 ადამიანის 200 ლარს შეადგენს.
პროექტის განსახორციელებლად, ჯამში 73000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 30000 ლარიანი გრანტი მოვიპოვეთ, ხოლო დანარჩენი თანხა საკუთარი რესურსით დავამატეთ,“- აცხადებს კელიხაშვილი.
მისივე ცნობით, მოთხოვნა კოტეჯსა და გლემპინგზე იმდენად მაღალია, რომ იანვრის თვე ფაქტობრივად სრულადაა დატვირთული.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელს, კიდევ ერთი ახალი კოტეჯების დამატება იგეგმება, რომელიც განსხვავებული დიზაინის იქნება. მისი სავარაუდო ინვესტიცია კი 80 000 -100 000 ლარი იქნება.
ინფორმაციისთვის, „ნანოლენდმა“ ბაზარზე ოპერირება გასულ წელს, 1 გლემპინგით დაიწყო, რომლის ინვესტიციამ 40000 ლარი შეადგინა. გლემპინგში ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი და ერთი დღე-ღამის ღირებულება 150 ლარს შეადგენს.