"ჩვენი წლევანდელი სეზონი ძალიან დატვირთული იყო", - ამბობს ყვარელში მდებარე სასტუმრო "პაბელონის" გენერალური მენეჯერი, თაკო ახალბედაშვილი BMG-სთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულის განმავლობაში, გასულ წელთან შედარებით, 62%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მათთვის განსაკუთრებულად აქტიური აგვისტოს მეორე ნახევარი აღმოჩნდა.
"დაახლოებით 62%-იანი ზრდა გვქონდა გასულ წელთან შედარებით, თუმცა აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასულ წელს სასტუმრო ახალი გახსნილი იყო და აქედან გამომდინარე გასულ წელთან შედარება ბოლომდე მართებული არ იქნება.
საერთო ჯამში, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ჩვენ თითქმის 80%-იანი დატვირთვა გვქონდა და აგვისტოს მეორე ნახევარი 100%-იანი დატვირთვით ვიმუშავეთ", - აღნიშნავს "პაბელონის" მენეჯერი.
მისივე ცნობით, სასტუმროს ვიზიტორების დიდი ნაწილი ქართველები არიან, რასაც რეგიონის დედაქალაქთან სიახლოვეც ხელს უწყობს. უცხოელი ტურისტების შემთხვევაში კი გამორჩეული აქტივობით დიდი ბრიტანეთის, ისრაელისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები გამოირჩეოდნენ.
ამჟამად კი სასტუმრო "პაბელონს" რთველის პერიოდის ჯავშნების მიღებაც დაწყებული აქვს: " შემოდგომის პერიოდზე ვერ ვიტყვი რომ ზაფხულთან შედარებით გაცილებით ნაკლებია - საკმაოდ დიდი არის მოთხოვნა, როგორც ღონისძიებების ნაწილში, ასევე ინდივიდუალური სტუმრების ნაწილშიც. ზამთრის პერიოდზეც მოთხოვნა გვაქვს, მაგრამ ზამთრის პერიოდზე,რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლები, ვიდრე დავუშვათ შემოდგომაზე. პროცენტულად ცოტა გამიჭირდება რომ გითხრათ რამდენი პროცენტია, მაგრამ ალბათ 70%-იან დატვირთვას მივუახლოვდებით", - აცხადებს თაკო ახალბედაშვილი.




























