სასტუმრო “ყვარლის ტბა”, რომელიც ამ დროისთვის 40 ნომერს და სპა კომპლექსს აერთიანებს, ფართოვდება. კომპანია მომდევნო სეზონზე ახალ სასტუმროს გახსნის.
როგორც bm.ge-ს “ყვარლის ტბის” გენერალურმა მენეჯერმა მაია პატარავამ განუცხადა, ახალი სასტუმროს გახსნით კომპლექსს 60 ნომერი დაემატება.
“დიდი მშენებლობა გვაქვს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აქტიურად ვმუშაობთ და საოცარ კომპლექსს ვაშენებთ. ის 60 ნომერს გააერთიანებს. ახლა “ყვარლის ტბა” 40 ნომერს მოიცავს და ეს რაოდენობა მოთხოვნას სრულად ვერ აკმაყოფილებს. 2022 წლის სეზონზეც ვერ შევძელით ყველა ტურისტის მიღება, რადგან მოთხოვნა დიდი იყო. 100 ნომრით ტურისტული ნაკადის მიღებას უკეთ შევძლებთ” - ამბობს მაია პატარავა.
სასტუმრო "ყვარლის ტბა" 2010 წელს დაფუძნდა და 20 ნომერს აერთიანებდა. სასტუმრომ 2019 წელს ოპერირება განახლებული კომპლექსით და ნომრების გაზრდილი რაოდენობით გააგრძელა. "ყვარლის ტბა" საკონფერენციო დარბაზს, ბარ-რესტორანს, ველობილიკს, აუზს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს აერთიანებს.