მომავალ წელს, სასტუმრო „ქვევრები“ ნომრების 70-მდე გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში სასტუმრო „ქვევრების“ თანადამფუძნებელმა, გიორგი როჩიკაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად სასტუმროს ტერიტორიაზე სამსართულიანი შენობაა განთავსებული, რომელიც 17 ნომრისგან შედგება. ამასთან, ადგილზე 20 ქვევრია მოთავსებული, სადაც ჯამში 80 ადამიანის მასპინძლობაა შესაძლებელი.
„სეზონზე 60%-ით ვიყავით დატვირთული. გვსტუმრობდნენ თითქმის ყველა ქვეყნიდან. სასტუმროს მარანი შეემატა, სადაც ღვინის დეგუსტაციები, მასტერკლასები, ყურძნის დაწურვა და სხვადასხვა აქტივობა იმართება. ე.წ. კახური კუთხეა მოწყობილი. ამ პროექტისთვის დაახლოებით 100 000 დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ახალ წლამდე საუნის დამატებას ვაპირებთ, რაშიც დაახლოებით, 150 000 დოლარის ინვესტიციას ჩავდებთ.
მომავალი წლიდან კი, ქვევრების და კოტეჯების დამატებას ვგეგმავთ. ჩვენი გეგმაა სასტუმრო გავაფართოოთ და ნომრების რაოდენობა 37-დან 70-მდე გავზარდოთ“, - აცხადებს გიორგი როჩიკაშვილი და დასძენს, რომ ამ დროისათვის ობიექტზე 50 ადამიანია დასაქმებული.
ცნობისთვის, სასტუმრო "ქვევრები" 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს 20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია. ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.
პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.