მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო სექტორში საშუალო ანაზღაურება ₾1 619-მდე გაიზარდა - როგორ შეიცვალა დასაქმებულთა რიცხვი?

hotel

2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საშუალო დასაქმება სასტუმრო სექტორში შეადგენდა 14,315 ადამიანს, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება.

PMC კვლევის ცენტრის სასტუმრო სექტორის ბიზნეს სტატისტიკის განახლებულ მიმოხილვის მიხედვით, სასტუმრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის დაუბრუნდა ძველ ნიშნულს და 2019 წლის I-III კვარტალში დაფიქსირებული მაჩვენებლის 96.8%-ს შეადგენს.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ სექტორში არსებული განთავსების საშუალებების ნაწილი არ არის ოფიციალურად რეგისტრირებული. აქედან გამომდინარე, დასაქმების მაჩვენებელი შესაძლოა, მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს სასტუმრო სექტორში დასაქმების რეალურ მაჩვენებელზე.

„სასტუმრო სექტორში დასაქმების დინამიკა HORECA-ში დაფიქსირებული საერთო დინამიკის მსგავსია. თუმცა, 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში დასაქმების წლიური ზრდა HORECA სექტორში დასაქმების ზრდას (+9.1% წლიურად) ჩამორჩება“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

რაც შეეხება სასტუმროების სექტორში არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას, 2023 წლის I-III კვარტალში ანაზღაურებამ 1,619 ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I-III კვარტალთან შედარებით 11.4%-ით გაზრდილი რიცხვია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალში სასტუმრო სექტორში სახელფასო ფონდმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 26.6 მლნ ლარი შეადგინა.

„სტატისტიკის მიხედვით, საშუალო ხელფასები სასტუმრო სექტორში მუდმივად აღემატებოდა საშუალო ხელფასებს HORECA სექტორში. 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმრო სექტორში საშუალო ხელფასი 18.6%-ით აღემატებოდა მთლიანი სექტორის საშუალოს. თუმცა დასაქმების მსგავსად, 2023 წლის I-III კვარტალში სასტუმროს სექტორში საშუალო ხელფასის ზრდა ჩამორჩება HORECA-ს სექტორში დაფიქსირებულ ზრდას (+18.6% წლიურად)“, - განმარტავენ კვლევის ავტორები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები