სინგაპურში მოგზაურობისას ხშირად ერთ-ერთ მთავარ დისკომფორტად ტურისტები ნალექიან ამინდს ასახელებენ. პრობლემა განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის სეზონზე, ნოემბერში დეკემბერსა და იანვარში მწვავდება. ზოგადად, კუნძულოვან ქვეყანაში წელიწადის განმავლობაში საშუალოდ 171 დღე წვიმს. თუმცა, სინგაპურის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამ ამ გამოწვევასთან ბრძოლის გარკვეული გზების დასახვა უკვე დაიწყო.
ერთ-ერთი მათგანი Lion City-ში მდებარე სასტუმრო Intercontinental Singapore-ია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ სტუმრებს Rain resist Bliss პაკეტი წარუდგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ სასტუმრო იღებს ვალდებულებას, დამსვენებლებს გადახდილი თანხა აუნაზღაუროს იმ შემთხვევაში, თუ ძლიერი წვიმა მათ დაგეგმილი აქტივობების განხორციელებაში ხელს შეუშლის. ანაზღაურება ხდება ვაუჩერის სახით, რომლის გამოყენებასაც დამსვენებელი სასტუმროში ექვსი თვის განმავლობაში შეძლებს.
წვიმისგან დაცვის სადაზღვევო პაკეტის კონცეფციაზე საუბრისას სასტუმროს წარმომადგენლები განმარტავენ იმასაც, რომ ფულად ანაზღაურებას დამსვენებლები არა ნებისმიერი წვიმის დროს, არამედ მხოლოდ მაშინ მიიღებენ, როდესაც დილის 8-დან საღამოს 7-საათამდე წვიმის ხანგრძლივობა 120 წუთზე მეტს გასტანს. როგორც სასტუმროს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პაკეტით სარგებლობა ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც Junior ლუქსი, ერთოთახიანი ლუქსი, სამეფო ლუქსი, ასევე Ambassador ლუქსი ან საპრეზიდენტო ლუქსი აქვს დაჯავშნილი.
აღსანიშნავია, რომ ლუქსით სარგებლობის ღირებულება Intercontinental-ში 633 დოლარიდან იწყება, ხოლო საპრეზიდენტო ლუქსის საფასური 3 349 დოლარს აღწევს. პაკეტით გათვალისწინებული დღიურად გაცემული თანხა ტოლფასია იმ ნომრის ღირებულების, რომელშიც დამსვენებელი არის განთავსებული.
როგორც სასტუმროს წარმომადგენლები განმარტავენ, ეს შეთავაზება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, სინგაპურში მოგზაურობა და დასვენება ადამიანებისთვის მხოლოდ აბსოლუტურ კომფორტსა და ფუფუნებასთან ასოცირდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც წვიმიანი ამინდის დროს სასტუმრომ დამსვენებელს თანხის დაბრუნება შესთავაზა. ჯერ კიდევ 2019 წელს ხმელთაშუა ზღვის კუნძულ "ელბაზე" მდებარე სასტუმროებმა დამსვენებლებისთვის ფულადი ანაზღაურების შეთავაზება დაიწყეს იმ შემთხვევაში, თუ წვიმა დღის განმავლობაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდებოდა.
გარდა ამისა, მსოფლიოში უკვე არსებობს ისეთი სადაზღვევო პოლისები, რომლებიც მომხმარებლებს უამინდობის დროს დასვენებაში გადახდილი თანხის ანაზღაურებას სთავაზობენ. მაგალითად, ფრანგული სადაზღვევო კომპანია Aon დამსვენებლებს ე.წ. "მზის გარანტიას" ჰპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულების პერიოდში გატარებული ყველა იმ დღისთვის, როდესაც მზე არ ექნება, დამსვენებელს შესაძლებლობა ექნება თანხას უკან დაიბრუნებს.