ქუთაისში მდებარე სასტუმრო „სოლომონი" ფართოვდება. როგორც სასტუმროს მენეჯერი, მერაბ გოგონაძე BM.GE -სთან საუბრისას აცხადებს, მაისიდან „სოლომონი“ სტუმრებს ოთახების გაორმაგებული რაოდენობით უმასპინძლებს. ამასთან, ტურისტული ობიექტი სარესტორნო სივრცეს, საკონფერენციო დარბაზს, ღია სივრცეში კვების ობიექტსა და კეთილმოწყობილი ეზოს გააერთიანებს.
მისივე ცნობით, სასტუმრო ჯამში 28 ოთახისგან იქნება შემდგარი და მასში 65-მდე ადამიანის განთავსება იქნება შესაძლებელი.
„სასტუმროში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ჯამში 2 მლნ ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის საშუალებით მოვიპოვეთ. სასტუმროში 15-მდე ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაფართოების შემდეგ, კადრების 25 ადამიანამდე ზრდა იგეგმება,“- აცხადებს გოგონაძე.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ერთი ღამით განთავსება, საუზმით საშუალოდ 190 ლარი ღირს, თუმცა განთავსების ღირებულება სეზონზეა დამოკიდებული.
სასტუმრო „სოლომონი“ ქუთაისში, ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ამ დრომდე 14 ნომერს აერთიანებდა.