მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროების 80% თავისუფალია" - რატომ მცირდება ტურისტული ნაკადები რაჭაში?

რაჭა

"მოთხოვნა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია. ეს ის არ არის, რაც ტურისტულ სეზონზე უნდა ხდებოდეს", - ამბობს BMG-სთან "გარემოს" დამფუძნებელი თამარ დავითულიანი.

მისივე ცნობით, ტურისტების განსაკუთრებული შემცირება გასულ წელს, შოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამოიწვია. სტიქიამ, გარდა იმისა, რომ ტურისტული ნაკადები შეაფერხა, ის ლოკაციაც გააქრო, რომელიც უცხოელი ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო.

დავითულიანის თქმით, ადამიანები დღემდე ფიქრობენ, რომ რაჭაში დასვენება უსაფრთხო არაა.

"ამ დროისთვის რაჭაში სასტუმროების 80% თავისუფალია. თუნდაც ის, რომ იგებენ, რომ მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს ეს კოტეჯები, ესეც კითხვებს აჩენს. ჩარჩენილი აქვთ ადამიანებს, რომ საფრთხე არსებობს რაჭაში. აქამდე, შოვი ერთ-ერთ ბილიკად გვქონდა, ესეც აღარ გვაქვს უკვე. უცხოელ ტურისტებს სხვა მოთხოვნები და ინტერესები აქვთ. ინფრასტრუქტურა გვჭირდება ამისთვის, რომ მეტი უცხოელი ტურისტები მოვიზიდოთ. ხელმისაწვდომი არაა ის მრავალფეროვანი ბუნება, რომელიც გვაქვს", - გვეუბნება "გარემოს" დამფუძნებელი.

თუმცა, ეს რაჭის ტურიზმის ერთადერთი გამოწვევა არაა. თამარ დავითულიანი ვიზიტორების გადაადგილების პრობლემასა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზეც საუბრობს.

"ნებისმიერ დროს არ შეუძლია ტურისტს ჩამოსვლა. სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ დილის რვა საათზე გამოდის თბილისიდან. კერძო ტაქსები მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ნაკლები ადამიანი ჩამოდის. რაც უფრო ხელმისაწვდომი იქნება ადგილი მისასვლელად , რაც უფრო მეტი საინტერესო ადგილი დახვდება, რა საკვირველია, იქ ირჩევს წასვლას. მაგალითად, თუ კი სვანეთში, 6-7 საათიან გზაზე გადაადგილება შესაძლებელია, რატომ არ უნდა შეიძლებოდეს, სამ საათიან გზაზე გადაადგილება. თუმცა, მხოლოდ ესეც არაა - კონკრეტული და განსხვავებული უნდა დაახვედრო ტურისტს, რომელიც რაჭის ავთენტურობას წარმოადგენს", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები