ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ, საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში ახალი თაღლითური სქემა გაჩნდა, რომელმაც უკვე ათეულობით ათასი ლარის ზარალი მოუტანა სასტუმროებს. პრობლემაზე BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საქართველოს სასტუმროების ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთევან მელაძემ ისაუბრა.
სასტუმროების წარმომადგენლების ინფორმაციით, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯავშნიან საქართველოში სასტუმროებს, წინასწარ ბარათებით იხდიან თანხას, იღებენ მომსახურებას, შემდეგ კი ასაჩივრებენ, რომ მომსახურება არ მიუღიათ და თანხის დაბრუნებას უკან ითხოვენ.
"უკვე საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ლარზე, რომელიც ჩვენმა წევრებმა სასტუმროებმა დაკარგეს ამ გზით. ეს არის ახალი, კარგად გააზრებული თაღლითური სქემა, რომელიც, სავარაუდოდ, ერთმა "ჭკვიანმა" ადამიანმა მოიფიქრა და ახლა მასობრივად იყენებენ", - აცხადებს ქეთევან მელაძე.
ის აღნიშნავს, რომ თაღლითები სქემის ფარგლებში ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ არა დაუყოვნებლივ, არამედ რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა უკვე ძნელია სასტუმრომ დაამტკიცოს, რომ სტუმარი ნამდვილად ცხოვრობდა ობიექტში და სარგებლობდა ყველა მომსახურებით: “ბანკთანაც სერიოზული სამუშაოა… ბანკი ამ დროს თვლის, რომ მომხმარებელს თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს”, - თქვა მან.
ქეთევან მელაძე განმარტავს, რომ თაღლითობა არ არის დაკავშირებული კონკრეტულ პლატფორმასთან. მელაძის თქმით, ქართულ სასტუმროებში დაფიქსირებული თაღლითობის ფაქტები, სხვადასხვა პლატფორმიდან ჯავშნების შემთხვევებზე მოდის.
ამჟამად, სასტუმროების ასოციაცია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან და გლობალურ ასოციაციებთან – HOTREC-თან (ევროპის სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ასოციაცია) და Hostaris-თან, რომლის ოფიციალური წარმომადგენლებიც არიან.
"ვაპირებთ, რომ საქმის კურსში გლობალურ ასოციაციები ჩავაყენოთ. წელიწადში ორჯერ ვესწრებით მათ ასამბლეებს და ზუსტად ასეთი საშუალებებით ხდება ინფორმაციის გაზიარება. გერმანიის ასოციაციამ უკვე მოიგო მსგავსი საქმე booking.com-ის წინააღმდეგ. ჩვენც გვაქვს შანსი, რომ ერთობლივად მოვიგოთ ეს ბრძოლა – რომ მეორედ აღარ ჰქონდეთ სურვილი, იგივე შეცდომები გაიმეორონ“, – აცხადებს ქეთევან მელაძე.




























