მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასტუმროების ბიზნესის კრედიტებს, ძირითადად, ისევ დეველოპმენტი "იხდის" |ბიზნესმენის ანალიზი

პაატა კოკაია

კომპანია ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი პაატა კოკაია ტურიზმისა და სასტუმროების სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, მიუხედავად ტურიზმიდან შემოსავლების რეკორდული ზრდისა, ბიზნესის რენტაბელობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

ჩვენ 2015 წელს გავხსენით პირველი სასტუმრო; 2017 წელს მეორე სასტუმრო და იმ პერიოდში 6 წელიწადში შეგეძლო შენი თანხა დაგებრუნებინა“, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ ქვეყანაში საწოლების რაოდენობა (საწოლფონდი) რეკორდულად გაიზარდა, რაც კონკურენციას ამძაფრებს და წლიურად ტურისტების 5-7%-იანი ზრდა საკმარისი არაა.

დღესდღეობით, „Inn ჯგუფი“ სასტუმროებს ფლობს თბილისში, გუდაურში, გორსა და ქუთაისში.

სასტუმროები სოკოებივით მრავლდება“ - აცხადებს ბიზნესმენი.

სასტუმროების ბიზნესის კრედიტებს ისევ დეველოპმენტი "იხდის"? - ჰკითხა BMGTV-ის გადაცემა წერტილის“ წამყვანმა პაატა კოკაიას, რაზედაც ბიზნესმენმა დადებითი პასუხი გასცა - „ძირითადად, კი“.

სასტუმროების ქსელ ინნ ჯგუფის“ მფლობელი სხვადასხვა ინტერვიუში ხშირად ამბობს, რომ 2022 წლის ბოლოს სამშენებლო-დეველოპერულ ბიზნესში შესვლა სწორედ სასტუმროების კრედიტების მომსახურებისთვის გადაწყვიტა.

პაატა კოკაიას განმარტებით, თუ 2015-2017 წლებში სასტუმროში ჩადებული ინვესტიციის ამოღება 6 წელიწადში იყო შესაძლებელი, დღეს ეს ვადა მკვეთრად გაზრდილია, რასაც ბიზნესმენი რამდენიმე ფაქტორით ხსნის:

მშენებლობის თვითღირებულება - ბიზნესმენის თქმით, მშენებლობა თითქმის გაორმაგდა, თუმცა ინნ ჯგუფმა“ შიდა რესურსების (იმპორტი თურქეთიდან და ჩინეთიდან, საკუთარი სამშენებლო ძალები) მობილიზებით ხარჯების ზრდა 70%-მდე დააფიქსირა.

ინვესტიციის ამოღება: პაატა კოკაიას თქმით, დღესდღეობით, კრედიტის გარეშეც კი, ჩადებული თანხის დასაბრუნებლად 12-13 წელია საჭირო, ხოლო ფულის ღირებულებისა და საბანკო ვალდებულებების გათვალისწინებით, ეს პერიოდი 15-16 წლამდე იზრდება.

საბანკო ლიმიტი: პაატა კოკაია აღნიშნავს, რომ სტანდარტული სასტუმრო ბიზნესი 1 კვადრატულ მეტრზე 200-300 დოლარზე მეტ კრედიტს ვერ უძლებს.

- მთავრობის ეკონომიკური გუნდი ტურიზმიდან შემოსავლების და ტურისტების რაოდენობის ზრდით ხშირად იწონებს თავს და მიაჩნიათ, რომ 2025 წელიც ძალიან წარმატებული იყო... თუ ადრე ინვესტირებული თანხის ამოსაღებად 6-7 წელი იყო საკმარისი, ახლა კი მინიმუმ 12 წელი გჭირდებათ, რანაირად არის ტურიზმის ბიზნესში კარგი მდგომარეობა?

- რა თქმა უნდა, ტურიზმში თანხები მეტი შემოდის, თუმცა 2019 წელთან შედარებით, ქვეყანაში 50%-ითაა გაზრდილი საწოლების რაოდენობა... ანუ სოკოებივით მრავლდება სასტუმროებიც. ბევრად მეტი [ვიზიტორი] გვჭირდება... რა თქმა უნდა, რეკორდულია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, მაგრამ რეკორდულია საწოლფონდების რაოდენობაც...

- ამ გამოწვევას ამჩნევს ტურიზმის ადმინისტრაცია?

- რა უნდა გააკეთოს? - ხომ არ ეტყვის ბიზნესს, რომ შენ არ ააშენო სასტუმროო?

- არა, რა თქმა უნდა - ეს ტურიზმის ადმინისტრაციის საქმე არაა. ჩემი კითხვაა - რამდენად კეთდება მაქსიმუმი ტურისტების რაოდენობის უფრო მაღალი ტემპით გასაზრდელად? როდემდე შეიძლება იწუწუნოს ბიზნესმა, რომ გუდაურში ტროტუარი ვერ გაკეთდა ან ქვეყანაში საპირფარეშოების პრობლემაა, რაზედაც როგორც ვიცი, ტურიზმის ინდუსტრიასა და ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტის შეხვედრაზეც დაისვა კითხვები...

- საპირფარეშოების საკითხი პრობლემაა, მაგრამ ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო არ ჩამოდის ტურისტი გუდაურში... მაინც ვფიქრობ, რომ ახლა გუდაურში, საპირფარეშოებზე მეტად, ხელოვნური გათოვლიანების ტრასები გვჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები