"სტატისტიკის დეპარტამენტი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, სხვა ქვეყნის ტურიზმს ითვლის", - ასე შეაფასა სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა 2023 წლის ტურიზმის სტატისტიკური მონაცემები.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 7.1 მლნ საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.3%-ით მეტია. მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6.2 მილიონი შეადგინა, რაც 31.2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ოფიციალური მაჩვენებლებით, რაც შეეხება ქვეყნებს, 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაზეც ალავერდაშვილი ამბობს, რომ სრულადაა აცდენილი იმ რეალობას, რაც საქართველოს სასტუმროებშია.
"სტატისტიკის დეპარტამენტი სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, სხვა ქვეყნის ტურიზმს ითვლის. სხვა, თავისი სამყარო აქვთ. ოთახიდან არ გამოდიან და იმის მიხედვით წერენ. ურეკავენ ვიღაცებს და ასე დგება სტატისტიკა. სტატისტიკის დეპარტამენტის არც ერთი წარმომადგენელი ველზე არ ინახავს არასოდეს. არცერთ წარმომადგენელს არასოდეს სასტუმროში არ დაურეკავს და ინფორმაცია არ აუღიათ. საკუთარი წარმოდგენა რომ აქვთ, იმას აქცევენ სტატისტიკად.
წერია, რომ 1.3 მლნ-მდე რუსი ტურისტი გვყავდა გასულ წელს, მაშინ როცა ისტორიულ მინიმუმზეა დასული რუსი ტურისტების რაოდენობა. მე, სასტუმროების ასოციაციის სახელით ვამბობ. ზოგადად არ ვიცი ვინ შემოვიდა, რამდენ ხანს დარჩა, საკუთარ კომუნებში ცხოვრობენ, თუ კარვებში, მაგრამ სასტუმროში ასეთი ცოტა რუსი არასოდეს ყოფილა. 1.4%-ზეა მათი რაოდენობა ჩამოსული. რეალობა და სტატისტიკა აცდენილია. მთელი გასული წელი ამას ვიმეორებდი და ახლაც ამის თქმა მიწევს", - განაცხადა ალავერდაშვილმა bm.ge-სთან.