მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სასტუმროში წინასწარმა ჯავშნებმა 10% შეადგინა" - Gonadze Vineyards

რაჭა

რაჭაში მდებარე მეღვინეობის Gonadze Vineyards-ის სასტუმროში მიმდინარე წლისთვის წინასწარმა ჯავშნებმა დაახლოებით 10% შეადგინა. ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის თანადამფუძნებელმა, ზვიად გონაძემ, განაცხადა.

მისი თქმით, Gonadze Vineyards ტურისტული მიმართულებით უკვე მესამე წელია ოპერირებს. შატოს ტერიტორიაზე, სადაც ღვინის ქარხანაა განთავსებული, აშენებულია სასტუმრო, რომელიც ერთდროულად 30 სტუმრის მიღებას უზრუნველყოფს : „გარდა განთავსებისა, სტუმრებს ვთავაზობთ ვენახის ტურს, ღვინის ტურს. ტერიტორიაზე გვაქვს აუზიც, სადაც დასვენება შეუძლიათ“, - აღნიშნავს ობიექტის თანადამფუძნებელი.

გონაძის თქმით, აქტიურ სეზონზე სასტუმროში განთავსების ღირებულება საუზმით 300 ლარს შეადგენს, თუმცა ფასები სეზონურობის მიხედვით იცვლება.
„აქტიურ სეზონზე სასტუმრო თითქმის სრულად არის დატვირთული. წელს, წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს, თუმცა მათი წილი დაახლოებით 10%-მდეა. ყველაზე დატვირთული პერიოდებია ივნისი, ივლისი და აგვისტო, და წინასწარი ჯავშნებიც ძირითადად ამ პერიოდზე მოდის“, - აცხადებს ის.

მისივე ინფორმაციით, Gonadze Vineyards-ის ტურისტული გეოგრაფია დივერსიფიცირებულია და ობიექტს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ : „ჩვენთან ჩამოდიან ამერიკელები, ავსტრალიელები, უკრაინელები, რუსები და სხვა ქვეყნების მოქალაქეები“, - ამბობს ზვიად გონაძე.

საინვესტიციო მიმართულებით, პროექტი როგორც კერძო ინვესტიციით, ისე სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერით განხორციელდა.
„გარდა კერძო ინვესტიციისა, აქტიურად ვიმუშავეთ „აწარმოე საქართველოსთან“ და სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ასევე დავიხმარეთ საბანკო სესხიც“, - აღნიშნავს ობიექტის თანადამფუძნებელი.

Gonadze Vineyards რაჭაში მდებარე მეღვინეობაა, რომელმაც საქმიანობა 30 წლის წინ დაიწყო. კომპანიას 50 ჰექტარზე გაშენებული ვენახები აქვს და 9 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ამასთან, მეღვინეობის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შატო და სასტუმრო, სადაც სტუმრებს მასპინძლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები