მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასუქებისა და პესტიციდების ფასებში უხეში ჩარევა ბაზრისთვის დამანგრეველი იქნება - "კარტლისი"

სასუქები

სასუქებისა და პესტიციდების ფასებში უხეში ჩარევა ბაზრისთვის დამანგრეველი იქნება - ამის შესახებ BMG-სთან აგრომაღაზია „კარტლისის“ დირექტორი რობერტ რევია კონკურენციის სააგენტოს მიერ ბაზრის მოკვლევის შესაძლო დაწყების საკითხზე აცხადებს.

მისი თქმით, თუ მოგებიანობა ხელოვნურად შეიზღუდება, ინვესტორი ამ მცირე ბაზარზე აღარ შემოვა და წლების განმავლობაში ნაშენები ინფრასტრუქტურა და ცოდნის გადაცემის ჯაჭვი დაიშლება.

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზარი კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დაკვირვების ფოკუსში მას შემდეგ მოექცა, რაც მთავრობამ სასუქებსა და პესტიციდებზე სავარაუდოდ, მაღალი ფასნამატის შესახებ განაცხადა და ბაზრის შესწავლის რეკომენდაცია გასცა. კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შუალედური ანგარიშის თანახმად კი, ბაზარზე იკვეთება დომინანტური ძალები, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, 40%-ზე მეტ წილს ფლობენ და პროდუქციას 100%-იანი ფასნამატით ყიდიან.

დარგის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშის, კომპანია „კარტლისის“ დირექტორის განმარტებით კი, საუბარი იმაზე, რომ ბაზარზე რომელიმე კომპანია 40%-იან წილს ფლობს, სიმართლეს არ შეესაბამება და არსებულ კონკურენტულ გარემოში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ძალიან ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი ამ ბაზარზე - ადგილობრივი კომპანიები, დისტრიბუტორები, ასევე, უამრავი მწარმოებელი მთელი მსოფლიოდან. იმ მონაცემებით, რაც მე მაქვს, არცერთი კომპანია ბაზრის ამხელა წილს ვერ ფლობს დღეს არსებულ პირობებში. ამიტომ დომინანტი ვერავინ იქნება ისე, რომ რაღაც ფასებს კარნახობდეს ან განსაკუთრებული ფასები ჰქონდეს ბაზარზე.

თუმცა, ჩვენ, მაგალითად, გვაქვს რაღაც პროდუქტები, რომელიც ჩვენთვის კომერციულად საინტერესო არ არის, იმის გამო, რომ ძალიან მცირე რაოდენობით იყიდება, მაგრამ არსებობს რაღაც ნიშა, ვიღაცას სჭირდება ეს პროდუქტი იმისთვის, რომ გარკვეული კულტურა მოიყვანოს და საერთოდ რომ არ შემოიტანო, მაშინ ის მიმართულება ჩავარდება ხომ? მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც რაღაც შემოგაქვს ძალიან მცირე რაოდენობით, ბუნებრივია იმის ხარჯები ძალიან იზრდება. ამას ბაზარი განსაზღვრავს“ - ამბობს რობერტ რევია BMG-სთან.

მისივე თქმით, მაღალი მარჟები ხშირად, მეტწილად, წვრილ კომპანიებს აქვთ, რადგან მათ მცირე ბრუნვა აქვთ და სხვაგვარად „უბრალოდ ვერ გადარჩებიან“. მსხვილი კომპანიები კი, პირიქით, დაბალ მარჟაზე და მაღალ ხარისხზე მუშაობენ.

ამასთან, როგორც რევია განმარტავს, მთლიანი ბაზარი წელიწადში მხოლოდ 30-40 მილიონი დოლარის იმპორტირებულ პროდუქციას შეადგენს, რაც ძალიან მცირე მაჩვენებელია. ამას ემატება მკვეთრად გამოხატული სეზონურობა.

„ამ დარგში მთლიანი სეზონი სულ ექვსი თვეა. ამ პერიოდში მიღებულმა მარჟამ უნდა შეინახოს კადრები და ინფრასტრუქტურა დანარჩენი ექვსი თვის განმავლობაში, როცა გაყიდვები არ არის. ხელფასი ხალხს არასეზონურ თვეებშიც ხომ უნდა გადაუხადო? კადრები ძალიან ჭირს, მათ მომზადებას 3 წელი სჭირდება. თუ სეზონის მერე, კადრს ხელფასს არ გადაუხდი, ის უბრალოდ წავა და ახალს ვეღარ იშოვი“ - განმარტავს რევია.

მისივე თქმით, ბაზარზე პროფესიონალი აგრონომებისა და კადრების დეფიციტია, რომელთა გადამზადებასაც ფინანსური რესურსი სჭირდება.

„განათლება რჩება ისევ და ისევ ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრიორიტეტად, მაგრამ ეს განათლებაც საიდანღაც უნდა დაფინანსდეს ხომ? სახელმწიფოს რეალურად არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ამაში ფული ჩადოს.

ძალიან ვამაყობთ იმით, რომ 2023 წლიდან ჩვენ განათლების სამინისტროს აკრედიტაცია მივიღეთ და გვაქვს აკრედიტებული კურსები, სადაც სპეციალისტებს ვამზადებთ. მაგრამ ამ ყველაფერს დაფინანსება სჭირდება. მართალია, განათლების სამინისტრო გვიყოფს რაღაც თანხებს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ გაცილებით მეტ ადამიანს ვამზადებთ ჩვენივე ბიუჯეტიდან.

ჰოდა, საბოლოოდ, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია გაყიდვებში და მარჟაში. ძალიან ბევრი ნიუანსია, ძალიან ბევრი თვალით უხილავი პროცესი, რაშიც უხეში ჩარევა თუ მოხდა, ჩათვალეთ, რომ ყველაფერი დაიშლება. თავიდან ასაწყობი იქნება ყველაფერი, რასაც ეს დარგი ამდენი წელი აშენებდა“ - აცხადებს „კარტლისის“ დირექტორი BMG-სთან.

აგროქიმიკატების ბაზრის მონიტორინგის შემდეგ, კონკურენციის სააგენტო ამ ბაზარზე მოკვლევის დაწყებას არ გამორიცხავს. სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ბაზარზე არსებულ დომინანტურ მდგომარეობებზე, მაღალ ფასნამატებსა და ინტერესთა შესაძლო კონფლიქტზე.

შუალედური ანგარიშის თანახმად, აგროქიმიკატების ნაწილში, 2022-2025 წლებში, დაიდენტიფიცირდა 75 შემთხვევა, როდესაც პროდუქციის იმპორტის დონიდან საცალო დონემდე ფასნამატი 100%-ს აღემატებოდა (საოპერაციო ხარჯებისა და გადასახადების გაუთვალისწინებლად). რაც შეეხება პესტიციდებს, ანალოგიურ პერიოდში, დაიდენტიფიცირდა 86 შემთხვევა, როდესაც ფასნამატი იმპორტიდან საცალო ქსელამდე ასევე 100%-ს აჭარბებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები