მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სასურველია აქციზის გადასახადი ნულამდე დაიყვანონ, ეს მომხმარებლებისთვის შეღავათი იქნება“- ნავთობპროდუქტების ტრეიდერი

საწვავი ბენზინი

ნავთობპროდუქტების ექსპერტი და ტრეიდერი გიორგი კაპანაძე საწვავზე ფასების მკვეთრი მატების ფონზე გამოსავალს აქციზის გადასახადის გადახედვაში ხედავს. მისი თქმით, თუ ფასების ზრდა გაგრძელდება, სახელმწიფომ აქციზის ნულოვან ნიშნულამდე დაყვანა უნდა განიხილოს.

ექსპერტის განმარტებით, ამ ეტაპზე საქართველოში არსებული საწვავის მარაგების დიდი ნაწილი უკვე განბაჟებულია და მასზე გადასახადები გადახდილია, თუმცა სამომავლო ზეწოლის შესამსუბუქებლად საგადასახადო შეღავათები აუცილებელი იქნება.

“არსებული პროდუქცია რაც შემოტანილია, მას ვერსად ვერ გავექცევით, ის უკვე განბაჟებულია. დიდი რაოდენობა, 80% მაინც, და უკვე აქციზი და დღგ გადახდილია. შესაბამისად, მასზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ თუ ესკალაცია ფასების ზრდიდან გამომდინარე მოხდება, ალბათ არ იქნებოდა ურიგო, რომ აქციზი გადახედილი იყოს ნულოვან ნიშნულამდე. თუ ბიუჯეტს საშუალება აქვს იმისა, რომ ნულამდე დაიყვანონ აქციზის გადასახადი რაღაც გარკვეული პერიოდი, სანამ ეს რთული მდგომარეობაა, ამ შემთხვევაში მისასალმებელი იქნება. თუ არადა იმ ნიშნულს მაინც დაუბრუნდეს, რომელიც იყო რამდენიმე წლის წინ ბენზინ-დიზელთან მიმართებაში, არც ეს იქნებოდა ურიგო. სულ მცირეოდენ შეღავათს მაინც მისცემს ქართველ მომხმარებლებს.

ფიზიკური დეფიციტის საფრთხე არსებობს როგორც ასეთი, მაგრამ ჩვენი მოხმარებიდან გამომდინარე არ მგონია ქართველ იმპორტიორებს და ქართულ ნავთობკომპანიებს გაუჭირდეთ იმ მოცულობების მოწოდება საქართველოში, რომელიც საჭიროა ჩვენი შიდა მოხმარებისათვის. ვფიქრობ, რომ სხვა მძიმე პერიოდებიც გვაქვს გამოვლილი და საკმაოდ კარგად გავართვით მაშინ თავი ამას და ვიმედოვნებ, რომ ახლაც გავართმევთ,”- აცხადებს ნავთობპროდუქტების ტრეიდერი და ექსპერტი გიორგი კაპანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები