მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან მიღებული თანხა 9 თვეში 157 მილიონს აღწევს

აზარტული თამაშები

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წელს სახელმწიფომ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლებიდან 157 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34.4 მილიონი ლარით, ანუ 28%-ით მეტია.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაზრდილია როგორც სამორინეების, ასევე სლოტ კლუბებისა და სხვა ობიექტებიდან მიღებული საგადასახადო შემოსავალი. უფრო დეტალურად, ეს თანხა ასე ნაწილდება:

  • მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვაზე - 50,260,260 ლარი;
  • მოსაკრებელი სათამაშო აპარატებიდან - 51,102,578 ლარი;
  • მოსაკრებელი წამახალისებელი გათამაშებიდან - 2,440,927 ლარი;
  • მოსაკრებელი სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 10,955,484 ლარი;
  • მოსაკრებელი სამორინეს მაგიდიდან - 40,236,783 ლარი.

2022 წლიდან შეიცვალა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მოწყობის დაბეგვრის წესი. კერძოდ კი ეს კომპანიები წარსულში იბეგრებოდნენ ჩვეულებრივი მოგების გადასახადით, რაც განაწილებულ მოგების 15%-ს შეადგენდა.

თუმცა, შეცვლილი საგადასახადო წესით, ონლაინ-კაზინოებს უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.

ის თუ რამდენი იყო 1.6 მილიარდის მოგების გადასახადში უშუალოდ აზარტული თამაშების კომპანიების წილი, ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში წარმოდგენილი არაა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები