მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სათამაშო ბიზნესის საბიუჯეტო შენატანები იზრდება - ინდუსტრიამ ათ თვეში ₾181 მლნ შეიტანა

გემბლინგი

სათამაშო ბიზნესის ბიუჯეტში შენატანები იზრდება. 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საქართველოს ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესმა 181 707 703 ლარი შეიტანა - მოსაკრებლიდან 113 780 694 ლარი, ხოლო ბიზნესის ნებართვის სანაცვლოდ - 67 927 009 ლარი. ამის შესახებ საქართველოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

გასული წლის პირველ ათ თვეში კი ბიუჯეტში სათამაშო ინდუსტრიიდან 158 359 069 ლარი შევიდა - მოსაკრებლის სახით 107 418 809 ლარი, ნებართვის გაცემის სანაცვლოდ კი - 50 940 260 ლარი. რაც შეეხება 2022 წლის შესაბამის პერიოდის მონაცემებს, მაშინ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის მოცულობამ 80 406 406 ლარი შეადგინა, ხოლო ნებართვის თანხამ - 42 942 668 ლარი, ჯამში - 123 349 074 მონაცემები აჩვენებს, რომ სათამაშო ბიზნესის შენატანები მზარდია.

ცნობისთვის: აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადის გარდა, ასევე, ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადს იხდის, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა. აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.

შეგახსენებთ, 2022 წლიდან შეიცვალა სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშების მოწყობის დაბეგვრის წესი. კერძოდ კი ეს კომპანიები წარსულში იბეგრებოდნენ ჩვეულებრივი მოგების გადასახადით, რაც განაწილებულ მოგების 15%-ს შეადგენდა. თუმცა, შეცვლილი საგადასახადო წესით, ონლაინ-კაზინოებს უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%. 2022 წლის მარტიდან მთავრობამ აზარტული თამაშების ინდუსტრიას სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები