2023 წელს აზარტულ ბიზნესში 12 223 ადამიანი იყო დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი კი 3 228 ლარს შეადგენდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საწარმოთა ბრუნვის მონაცემებში წერია.
გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64.3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.4 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ბრუნვაში ასახავს აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოთა ბრუნვის მოცულობას, რომელიც განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით.
გასულ წელსვე სექტორში 80 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მეშვიდე თვეა ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. ამით მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზებას ელის.