მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[სატარიფო ომის ფონზე] არსებობს რისკი, ჰაბის ფუნქციას დავკარგავთ" - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

ალექსი ნონიაძე

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ დღეს დარგის წარმომადგენლები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, რაც, ერთი მხრივ დასავლურ სანქციებს, მეორე მხრივ კი ტრამპის მიერ ტარიფების ომის დაანონსებას უკავშირდება.

ამის შესახებ ალექსი ნონიაძემ "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მზარდია, ქვეყნიდან გასული ავტომობილების საბოლოო დანიშნულების პუნქტის შესახებ კი კითხვის ნიშნები არსებობს, ბიზნესი რისკებზე უკვე ფიქრობს.

"ახსენეთ გარკვეული სანქციების რისკი, ბუნებრივია, ეს გვაფიქრებს და გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ჩვენს ბაზარს. საქართველოდან რეექსპორტში პირველი ადგილი ავტოსფეროს უკავია, ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და როცა დარგი ამ რისკების წინაშე დგას, ბუნებრივია, გვაღელვებს ეს. პლუს ამას ტარიფების ომი, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დააანონსა, გარკვეულ გავლენას იქონიებს, თუ ახლო მომავალში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში.

კომპლექსური საკითხია თეთრი სახლის ბოლოდროინდელი განცხადებები და პოლიტიკა. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, ამერიკის მოქალაქის მსყიდველობითუნარიანობაზე, ფასებზე, დასაქმებაზე და ა.შ. თუ ამერიკის მოქალაქე არ შეიძენს ახალ ავტომობილს, ამის საშუალება არ ექნება, ბუნებრივია, მიწოდება შემცირდება მეორადი ავტომობილების ბაზარზე. იმ სიტუაციაში, როდესაც ისედაც იყო გაძვირების ტენდენცია, ბოლო მოვლენების გარეშეც, თუ ესეც დაემატა, დიდ პრობლემებს შექმნის ჩვენი დარგისთვის", - აცხადებს ნონიაძე.

კითხვაზე, რისკების დაზღვევის რა ხერხს მიმართავს სექტორი, ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველო, საჭიროების შემთხვევაში, ალტერნატიულ ბაზრებს მოიძიებს, თუმცა ეს ქვეყნის, როგორც ავტოექსპორტის ჰაბის ფუნქციის დაკარგვის რისკს აჩენს.

"ყველა შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ დაზღვევაზე, რაღაც ფორმით მაინც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკის ბაზარზე ვართ დიდწილად დამოკიდებული, ასეთი დიდ რაოდენობებზე სხვა ბაზარზე გადართვა ბიზნესს გაუჭირდება. თუ დეფიციტი გაჩნდა მიწოდებაში და ფასები გაიზარდა, ალბათ კომპანიები დაიწყებენ ალტერნატიულ ბაზრებზე ფიქრს, ევროპაში, აზიაში... ჩინური ავტოწარმოებაც შეიძენს ახალ მომხმარებლებს.

ამ ფონზე ჩვენ ალბათ შეგვექმნება საფრთხე იმ კუთხით, რომ, რეექსპორტის შემცირებით, ჰაბის ფუნქციას დავკარგავთ. ყაზახეთსა და ყირგიზეთში იმპორტის თვალსაზრისით, საქართველო მოწინავე ადგილზე არაა, ამ ქვეყნებში ჩინური ავტომობილები ჭარბობს და თუ აქ ამერიკული ავტომობილების შემოყვანაც გაგვიჭირდა, ეს ქვეყნები მთლიანად აზიურ მიმართულებებზე გადაეწყობიან", - განმარტავს ალექსი ნონიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები