მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სათავგადასავლო და MICE ტურიზმი - რომელი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ B2B Summit by Tarifa-ს და რით ინტერესდებოდნენ "ბაიერები"?

ტურიზმი

პოლონეთი, ლიეტუვა, სერბეთი, ბელგია, ინგლისი, ნიდერლანდები - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, საიდანაც საქართველოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ სამიტს B2B Summit by Tarifa-ს ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ღონისძიება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში გაიმართა.

B2B Summit by Tarifa ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და საერთაშორისო პარტნიორობების გაღრმავებას ისახავს მიზნად. სამიტი ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა და მასში ევროპის ქვეყნებიდან 50-მდე საერთაშორისო ბაიერი და საქართველოდან 40 ტურისტული კომპანია მონაწილეობდა.

როგორც უწყების გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უცხოური კომპანიები ძირითადად სათავგადასავლო და MICE ტურიზმით ინტერესდებოდნენ. ქართული და უცხოური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების შეფასებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურისტული კომპანია Travel Bee-ის წარმომადგენლის, თემო მაჭარაშვილის შეფასებით, Tarifa ტურიზმის სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რაც ახალ პარტნიორებთან პირდაპირ კომუნიკაციას უწყობს ხელს. ღონისძიების ფარგლებში, მან პარტნიორებთან შეხვედრები კონკრეტული საკითხების ირგვლივ გამართა.

„Tarifa Summit Georgia ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კი ბევრი ევროპელი ბაიერია წარმოდგენილი. ძალიან ბევრი კომპანიაა წარმოდგენილი პოლონეთიდან. მე პირადად მქონდა შეხვედრები სერბულ კომპანიებთან, პოლონურ და ლიეტვურ კომპანიებთან. შეხვედრებზე განვიხილეთ კონკრეტულ პროგრამები, თარიღები და მიზნები.

ვთვლი, რომ ამ პერიოდში, გლობალური გამოწვევების ფონზე, გარკვეული ქვეყნებიდან ჯავშნების გაუქმების კვალდაკვალ, Tarifa-ს სამიტი სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის ძალიან კარგი ხელშეწყობაა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვცა უსასყიდლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ახალი პარტნიორები მოვიძიოთ, ახალი კონტრაქტები გავაფორმოთ და შევავსოთ ის ბაზრები, რომლებიც დავკარგეთ“, - აღნიშნავს თემო მაჭარაშვილი.

“ყვარლის ტბის რეზორტის” გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორი ნინო ისაკაძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები კერძო სექტორისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს .

“ჩვენი კომპანია, ყვარლის ტბის რეზორტი, უკვე მეორე წელია რაც ამ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, პოტენციალს ძალიან დიდს ვხედავთ. ეს არის რეალურად ის შესაძლებლობა, რომელიც არც ერთმა კომპანიამ არ უნდა გაუშვას ხელიდან…საკმაოდ დიდი დაინტერესებაა საქართველოს მიმართულებაზე, კახეთის რეგიონზე. ძალიან ბევრი ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილები: ინგლისიდან, პოლონეთიდან, ნიდერლანდებიდან. თანაც ზუსტად MICE სეგმენტი, რაც ჩვენ გვაინტერესებს”, - აღნიშნა ნინო ისაკაძემ.

ბელგიური კომპანია The Climbing Managers-ის წარმომადგენელი, ბიორნ ვანდევეგე აღნიშნავს, რომ საქართველო თავისი ბუნებრივი მრავალფეროვნებით ევროპელი ვიზიტორებისთვის გამორჩეული მიმართულებაა. მისი თქმით, ქვეყნის რელიეფი და გეოგრაფიული თავისებურებები მას უნიკალურ გამოცდილებად აქცევს.

„ბელგია იმდენად სწორი და ვაკეა, რომ როდესაც საქართველოში ჩამოდიხარ და ხედავ მთის კალთებს და რომ აქ ყველაფერი ამაღლებულია, ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს. საქართველოზე ჩვენი პირველი შთაბეჭდილება ისაა, რომ ქვეყანა პატარაა, თუმცა საოცრად ლამაზი და მრავალფეროვანი. სულ რაღაც სამი საათის სავალზე უკვე მთაში ხარ, ან ზღვაზე, რაც ჩვენთვის ნამდვილი სამოთხეა“.

ვანდევეგეს შეფასებით, Tarifa Business Summit ბიზნესისთვის ეფექტიან პლატფორმას ქმნის და მრავალმხრივ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. „ამ შეხვედრების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მოკლე დროში შეგიძლია გაესაუბრო სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებს: ტრანსპორტის, სასტუმროების თუ გიდების მიმართულებით. ჩვენი ბიზნესისთვის აქ ყოფნა ნამდვილად საუკეთესო გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ბიორნ ვანდევეგემ.

კომპანია Outway Adventures-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი პაველ გლუზა აღნიშნავს, რომ საქართველო განსაკუთრებულად მიმზიდველია სათავგადასავლო ტურიზმისთვის და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

„ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება სათავგადასავლო ტურიზმია და საქართველო ამისთვის იდეალური ადგილია. მართლაც გასაოცარია, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, აქ მცირე ფართობზე ყველაფერია თავმოყრილი, რაც მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ თქვენს ქვეყანას უამრავი ადამიანი ეწვევა. ქართული სტუმარმასპინძლობის შესახებ ბევრი მსმენოდა და მქონდა მოლოდინი, რომ აქ ყველაფერი მაღალ დონეზე დამხვდებოდა, თუმცა რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩამოსვლის დღიდან აღფრთოვანებული ვარ ადგილობრივი სამზარეულოთი და ღვინით. უკვე რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გავმართე და ნათლად ჩანს, რომ ქვეყანას აქვს ყველა წინაპირობა, სათავგადასავლო ტურიზმისთვის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდეს“, - აღნიშნა პაველ გლუზამ.

ფრანგული კომპანია Echapevoo-ს წარმომადგენელი კლოდ ჟურნე საქართველოს MICE ტურიზმის მიმართულებით საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად არსებული გლობალური გამოწვევებისა, რომლებიც გავლენას ახდენს საქმიან ტურიზმზე, საქართველოს მიმართ ინტერესი კვლავ მაღალია.

“მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო მიმართულებაა MICE ტურიზმისთვის. ჩვენი კომპანია სწორედ ამ სფეროში ვსპეციალიზდებით და მხოლოდ ბიზნესსექტორთან ვთანამშრომლობთ. ბიზნესი კი, ზოგადად, სიფრთხილით გამოირჩევა. ამ ეტაპზე, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები, საქართველოსთვისაც გამოწვევაა. მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ფრანგს, ვინც საქართველოში ჩამოდის, ეს ქვეყანა ძალიან უყვარდება”, - აცხადებს კლოდ ჟურნე.

კლოდ ჟურნეს შეფასებით, Tarifa Summit და მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოჩენაში და ახალი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში. “ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ახალი სასტუმროსა და იმ საუკეთესო შეთავაზებების გაცნობა, რისი მოცემაც საქართველოს შეუძლია. ჩვენი კლიენტები, როგორც წესი, მოკლე ვიზიტებისას სამი ან ოთხი ღამით რჩებიან, ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ საუკეთესო გამოცდილების კონცენტრირება ისე, რომ ტრანსფერებზე ბევრი დრო არ დაიხარჯოს. მათ სურთ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ, რისთვისაც საქართველო საუკეთესო მიმართულებაა”, - აღნიშნა კლოდ ჟურნემ.

B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს და ადგილობრივ პარტნიორებთან B2B ფორმატში შეხვედრები გამართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები