საქართველოს მთავრობა უკან გაიხმობს პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც 2026 წლიდან სათბური აირების ინდუსტრიულ გაფრქვევებზე ახალ რეგულაციებს აწესებდა. კანონპროექტი დეკემბერში დაინიცირდა და პარლამენტმა საკომიტეტო ფორმატში ის გასულ კვირაში განიხილა.
განხილვისას მთავრობამ განაცხადა, რომ, ცვლილებები უკავშირდება საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კანონპროექტი ემყარება ევროკავშირის ემისიებით ვაჭრობის სისტემის (ETS) პრინციპებს და შესაბამის ევროპულ რეგულაციებს.
კანონპროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ განსაზღვრულ რიგ საქმიანობებზე სავალდებულო გახდებოდა სათბურის გაზების გაფრქვევაზე ავტორიზაციის მიღება. მოთხოვნები გავრცელდება ენერგეტიკის, მძიმე მრეწველობის, სამშენებლო მასალების წარმოების, ქიმიური ინდუსტრიისა და სხვა სექტორებზე, აგრეთვე საავიაციო საქმიანობაზე. ოპერატორები ვალდებული იქნებიან ყოველწლიურად წარადგინონ დამოწმებული ანგარიშები CO₂-ისა და სხვა სათბურის გაზების ემისიების შესახებ.
მთავრობის შეფასებით, ცვლილებები ხელს შეუწყობდა საქართველოს კლიმატის პოლიტიკის გაძლიერებას, ემისიების შემცირების პროცესის გამჭვირვალობას და ქვეყნის კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. ამასთან, რეგულაციის აღსასრულებლად სამინისტროს 15 ახალი თანამშრომლის დასაქმება მოუწევდა.




























