დონალდ ტრამპთან არ მქონია სატელეფონო საუბარი, ჩვენ პრეზიდენტობა მივულოცეთ როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით, ასევე ოფიციალური წერილით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პრემიერ - მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, სუფთა ფურცლიდან განაახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძალიან დაინტერესებულები, რომ აშშ - სთან ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს. უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და უფრო მეტიც, ეს გვინდა გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, დაახლოებით ისეთივე გზამკვლევით, როგორიც არის შექმნილი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის, როგორიც არის ასოცირების დღის წესრიგი.
მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ინდიკატორებით, სამიზნე მაჩვენებლებით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია დიფ სთეითის სრულად დამარცხებას აშშ-ში. ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი და გვაქვს სრული მზაობა იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები", - განაცხადა პრემიერმა.