მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სატელეკომუნიკაციო სექტორისთვის ტარიფები გადაიხედება - ComCom-ი კონტრაქტს Axon Partners-თან აფორმებს

comcom

კომუნიკაციების კომისიას ტარიფების მოდელისა და მეთოდოლოგიის შემუშავება 0.5 მლნ ევრო დაუჯდება.

მარეგულირებელს მომსახურებას Axon Partners Group-ი მიაწვდის, რომელთანაც გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება ფორმდება.

სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რომ კომპანიამ საკომუნიკაციო საკანალიზაციო არხებზე დაშვების საბითუმო ტარიფების გაანგარიშება, მათ შორის, შესაბამისი ტარიფების გაანგარიშების მოდელისა და მეთოდოლოგიის შემუშავება უნდა უზრუნველყოს. ასევე იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის მომსახურებებისთვის გამოყოფილ არხებზე საბითუმო დაშვების ტარიფების გაანგარიშება. უნდა შემუშავდეს კომისიის გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების ფარგლებში მობილურ ქსელზე დაშვების მომსახურებებისთვის საბითუმო დონეზე ეროვნული როუმინგის, MVNO-სა კოლოკაციის ტარიფებიც. Axon Partners Group-ის მომსახურება მოიცავს ინტერნეტრესურსებთან დაშვების ანუ IP ტრანზიტისა და ფიქსირებულ ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელზე დაშვების საბითუმო ტარიფების გაანგარიშებაც.

"კომისიის 2024 წლის 8 აგვისტოს N გ-24-9/361 გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრული ფიქსირებულ ფართოზოლიან ინტერნეტქსელზე საბითუმო დაშვების, VULA-სა და Bitstream მომსახურებების ტარიფები კომისიამ საკონსულტაციო კომპანიის დახმარებით დაიანგარიშა. თუმცა, საკონსულტაციო კომპანიის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგია და მოდელი საჭიროებს დეტალურ გადახედვას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას, რათა გაანგარიშებული ტარიფები სრულ თანხვედრაში იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან.

რაც შეეხება კომისიის 2024 წლის 25 ივლისის N გ-24-9/331 გადაწყვეტილების ფარგლებში განსაზღვრული სპეციფიკური ვალდებულებების შესაბამისად მობილურ ქსელზე დაშვების მომსახურებებისთვის საბითუმო ტარიფების (ეროვნული როუმინგი, მობილური ვირტუალური ოპერატორი – MVNO, კოლოკაცია) გაანგარიშებას, აღნიშნული გადაწყვეტილებით ტარიფების გაანგარიშება დაკისრებული ჰქონდა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს. ოპერატორმა კომისიაში წარმოადგინა აღნიშნული ტარიფების გაანგარიშების მოდელი, თუმცა კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა გამოავლინა მნიშვნელოვანი შეუსაბამობა MVNO-ს საბითუმო დაშვების ტარიფსა და საცალო ტარიფებს შორის, რომლის მიხედვითაც ნაცვლად მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისა, ტარიფების ხელახალი გაანგარიშება უნდა განხორციელდეს კომისიის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტარიფების სრული გაანგარიშება განხორციელდეს კომისიის მიერ.

2025 წლიდან კომპლექსური კვლევის მეორე ეტაპის ფარგლებში, კვლავ ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, კვლევა გრძელდება იმ ბაზრების ანალიზით, რომლებიც შესაძლოა დაექვემდებარონ რეგულირებას, კერძოდ, ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების საბითუმო ბაზრის, იურიდიული პირი აბონენტებისთვის შეთავაზებული მაღალი ხარისხის (გარდა მასობრივი შეთავაზებებისა) მომსახურებებისთვის გამოყოფილ არხებზე დაშვების საბითუმო ბაზრის და ინტერნეტ რესურსებთან დაშვების (IP ტრანზიტის) საბითუმო ბაზრის კვლევა. ამასთან, მივიჩნევთ, რომ განისაზღვროს სატარიფო რეგულირების და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებები, რისთვისაც საჭიროა მოხდეს დაშვების ტარიფების გაანგარიშება, დეტალური მოდელის და მეთოდოლოგიის შემუშავება, ხარჯთაღრიცხვაზე დაფუძნებული გაანგარიშებები", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტაციაში.

მომსახურების ვადა 2027 წლის 30 აპრილით განისაზღვრა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები