მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადადგა ჯასტინ ტრუდო და რა ელის კანადას?

ჯასტინ ტრუდო

კანადაში ჯასტინ ტრუდოს მმართველობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მსოფლიოს რიგით მეცხრე უდიდესი ეკონომიკის პრემიერ-მინისტრი და კანადის “ლიბერალური პარტიის” თავმჯდომარე, ჯასტინ ტრუდო ერთმანეთზე გადაჯაჭვულ ამ ორ თანამდებობას დატოვებს და, სავარაუდოდ, პოლიტიკას ჩამოშორდება, რითაც ნეკერჩხლის ფოთლის ქვეყანაში ტრუდოების პოლიტიკური დინასტიის თეატრი, სულ მცირე დროებით, დაიხურება. კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დასავლური პოლიტიკური სტანდარტებით ჯერაც ახალგაზრდა ჯასტინ ტრუდო თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს, რაც მიგვანიშნებს, რომ კანადის პოლიტიკური ველი იცვლება, ხოლო კანადელები — სიახლეებს ითხოვენ.

“დღესასწაულების დროს მომავალზე დაფიქრების და ოჯახის წევრებთან მისი განხილვის საშუალება მქონდა. ყველა წარმატება, რომელიც კარიერის განმავლობაში პირადად მოვიპოვე, ჩემი ოჯახის მხარდაჭერის და გვერდში დგომის დამსახურებით მოვიდა. ამგვარად, გუშინ საღამოს, ვახშმის დროს, შვილებს გავუზიარე ის გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა თქვენ გაგაცნობთ.

ვგეგმავ, დავტოვო პარტიის თავმჯდომარის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები მას შემდეგ, რაც ეროვნული, გამჭვირვალე და კონკურენტული პროცესის დახმარებით, პარტია ახალ ლიდერს აირჩევს. გუშინ ღამით, “ლიბერალური პარტიის” თავმჯდომარეს ამ ამ პროცესის დაწყება ვთხოვე. ეს ქვეყანა შემდეგ არჩევნებზე რეალურ არჩევანს იმსახურებს. ჩემთვის ნათელია, რომ თუ შიდა ბრძოლა მომიწევს, ამ არჩევნებში საუკეთესო კანდიდატი ვერ ვიქნები.

“კანადის ლიბერალური პარტია” ჩვენი ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს წარმოადგენს და ახალმა პრემიერ-მინისტრმა და პარტიის ლიდერმა მომდევნო არჩევნებში პარტიის ღირებულებები და იდეალები უნდა წარმოაჩინოს. მოხარული ვარ, მომდევნო თვეებში ამ პროცესის განვითარებას თვალყური ვადევნო.

2021 წელს კანადელმა ხალხმა მესამედ აგვირჩია, რათა პანდემიის შემდეგ ეკონომიკა გაგვეძლიერებინა და რთულ მსოფლიოში კანადის ინტერესები დაგვეცვა და სწორედ ეს არის ის საქმე, რომელსაც მე და ჩვენ კანადელებისთვის გავაგრძელებთ”, - განაცხადა ჯასტინ ტრუდომ, ოტავაში მდებარე რეზიდენციის წინ.

იმ საქმეს, რომელსაც ჯასტინ ტრუდომ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ახსენებს, პრემიერ-მინისტრი ჯერ ვერ დაემშვიდობება, რადგან “ლიბერალურ პარტიას” ახალი ხელმძღვანელი სჭირდება, რომელსაც ტრუდო მართვის სადავეებს გადააბარებს. თავად ეს პროცესი ფორმალურია და პარტიის შიგნით არჩევნების ჩატარებას გულისხმობს, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. ადამიანი, რომელსაც პარტიის წევრები ლიდერად აირჩევენ, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი გახდება. ამ დროს ჯასტინ ტრუდო პრემიერმინისტრობას უკვე ოფიციალურად დაემშვიდობება.

თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ოქტომბრისთვის კანადაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და გამორიცხული არ არის, პარლამენტი განსხვავებულად დაკომპლექტდეს და “ლიბერალურმა პარტიამ” მართვის სადავეები საერთოდ დათმოს, მაგრამ ამას დრო გვიჩვენებს. დღეს, კანადის ხელისუფლებას უმეტესწილად სწორედ “ლიბერალები” აკომპლექტებენ, რომელთაც პროცესებში ზურგს “ახალი დემოკრატიული პარტიის” წევრები უმაგრებენ. ჯამში, გაერთიანებას საკანონმდებლო ორგანოში 178 წევრი ჰყავს, ანუ მთავრობას სწორედ ის აკომპლექტებს.

კანადის პარლამენტის დღევანდელი შემადგენლობა, მართალია, მმართველი “ლიბერალური პარტიისთვის” ხელსაყრელ მდგომარეობას ქმნის, მაგრამ სამომავლო პროგნოზის კუთხით ვითარება განსხვავებულია და ჯასტინ ტრუდოს გადადგომა, დიდწილად, სწორედ კანადის მომავალს უკავშირდება. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, როგორც ცნობილია, ჩრდილოელი მეზობლისთვის ტარიფების დაწესება სურს, რამაც ჩრდილოამერიკულ ქვეყნებს შორის ვითარება დაძაბა. ცალმხრივად გადადგმული ეს ნაბიჯი კანადისთვის, პოტენციურად დამანგრეველი იქნება, რადგან ეს ქვეყანა დიდწილად ექსპორტზე არის დამოკიდებული. ამასთან, აშშ და კანადა უდიდესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად კანადაზე, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $2.1 ტრილიონი დოლარია, ანუ ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოვლათი $55,500-ის ტოლია, რაც ნიშნავს, რომ კანადელები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. ბოლო წლებში, კანადაში პრობლემად იქცა ინფლაცია, მაგრამ ცენტრალური ბანკის ჩარევით გამოწვევა დაიძლია, რასაც ვერ ვიტყვით უმუშევრობის დონეზე, რომელიც საკმაოდ მაღალ 6%-ზე არის შენარჩუნებული. კანადის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ის ბუნებრივ წიაღისეულზე, წარმოებაზე და სერვისებზე მოდის. ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ნავთობს, ურანს, ნიკელს და თუთიას ვხვდებით.

ტარიფების საკითხი კანადისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჯასტინ ტრუდომ და დონალდ ტრამპმა ის უკვე არაერთხელ განიხილეს, მათ შორის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მალევე. ტრუდო ტრამპს ფლორიდაში მდებარე მარალაგოს სასახლეში ეახლა, მაგრამ საუბარმა, როგორც ჩანს, შედეგი არ გამოიღო, რადგან მილიარდერ პრეზიდენტს კანადის შესახებ რიტორიკა არ შეუცვლია. დეკემბრის დასაწყისში, ისევე, როგორც მიმდინარე კვირაში, დონალდ ტრამპმა კანადა აშშ-ის 51-ე შტატად, ხოლო ჯასტინ ტრუდო ამ შტატის გუბერნატორად მოიხსენია. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ თუ კანადა აშშ-ის შემადგენლობაში შევა, გადასახადები შემცირდება, ხოლო ტარიფები არ დაწესდება.

გადახედავს თუ არა აშშ-ის ხელისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკას, უმეტესწილად, დონალდ ტრამპზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ ამ საკითხში მნიშვნელოვან როლს კანადის ამჟამინდელი და მომავალი პრემიერ-მინისტრიც ითამაშებენ. კანადის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთაც პარტიის წევრები შიდა არჩევნების გზით აირჩევენ.

— ყველაზე რეალური კანდიდატი ყოფილი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, კრისტია ფრილენდია, რომლის ფორტეებს შორის ჩრდილოთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელახალ მოლაპარაკებებს და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ვხვდებით. ფრილენდმა თანამდებობა ტრუდოს გადადგომამდე დატოვა და ბოლოს, პრემიერ-მინისტრის კრიტიკოსიც გახდა.

— პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე განიხილება კანადის და ინგლისის ცენტრალური ბანკების ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი, რომელიც ეკონომიკის და კლიმატის ცვლილების პოლიტიკის ექსპერტად მოიაზრება. კონკრეტული პოლიტიკური გამოცდილება მარკ კარნის არ აქვს, მაგრამ მის კანდიდატურად, როგორც ჩანს, რამდენიმე ლიბერალი პარლამენტარი ლობირებს.

— კანადის პრემიერ-მინისტრად, შესაძლოა, ქვეყნის ინოვაციის, მეცნიერების და ინდუსტრიის მინისტრი, ფრანსუა-ფილიპ შამპეინი ვიხილოთ, რომლის მთავარ პოლიტიკურ მიღწევებს შორის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოძიება სახელდება, მათ შორის Volkswagen-ის გიგაქარხნის მშენებლობა. კანადის ხელმძღვანელობის პოსტისთვის ბრძოლის სურვილი შამპეინმა თავადაც დაადასტურა.

— კანდიდატების ჩამონათვალში ასევე ვხვდებით ჯასტინ ტრუდოს მარჯვენა ხელად მიჩნეულ დომინიკ ლებლანს, რომელიც ფინანსების და მთავრობათშორისი საკითხების მინისტრის თანამდეობას იკავებს. ის პრემიერ-მინისტრის დიდი ხნის მხარდამჭერია და ტრუდოს იდეოლოგიის გამგრძელებლად მიიჩნევა და თუ კანადელ ხალხს ეს სურს, გამორიცხული არ არის, რომ “ლიბერალურ პარტიას” სწორედ მან უხელმძღვანელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები