მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მექსიკისთვის, კანადისთვის და ჩინეთისთვის ამერიკული ტარიფები ამოქმედდა

ტრამპი / ტარიფები

ერთთვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ კანადისთვის, მექსიკისთვის და ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები საბოლოოდ ამოქმედდა.

მეზობელ ქვეყნებს დონალდ ტრამპმა 25%-იანი საგადასახადო ბარიერი დაუწესა, ჩინეთის შემთხვევაში კი დამატებით 10%-იანი ტარიფი ამოქმედდა, ანუ ჩინეთიდან იმპორტირებული საქონელი, ამიერიდან, 20%-ით დაიბეგრება. გარდა ამისა, 25%-იანი ტარიფი აშშ-ში ალუმინის და ფოლადის იმპორტზეც მოქმედებს, რომელიც ყველა ქვეყანას დაუწესდა.

ამ სამი ქვეყნის შემთხვევაში, ტარიფების დაწესებას დონალდ ტრამპი აშშ-ში ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის იმპორტით ხსნის, რომელიც, მისი თქმით, კანადის და მექსიკის გავლით ჩინეთიდან ხორციელდება. ტარიფები, სწორედ ქვეყნებს შორის დადებული შეთანხმების ფონზე გადავადდა, მაგრამ, როგორც დონალდ ტრამპმა ახლა განაცხადა, მეზობელი სახელმწიფოებიდან აშშ-ში ჯერაც დიდი რაოდენობით ფენტანილი შედის, ანუ მექსიკის საზღვართან ჯარის მობილიზება და 30-მდე კარტელის წევრის აშშ-ში ექსტრადიცია, როგორც ჩანს, არასაკმარისი იყო.

საგარეო სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს აირჩია, ე.წ. “სავაჭრო ომის” სახელითაა ცნობილი, მაგრამ თუ ამ დრომდე, ტარიფები, უმეტესწილად, არამეგობრულ სახელმწიფოებს, მათ შორის ჩინეთს უწესდებოდა, ამ სიაში აშშ-ის მოკავშირეების, მათ შორის კანადის, მექსიკის და პოტენციურად ევროკავშირის გამოჩენა, ბევრ კითხვას აჩენს, როგორც ამ ქმედების პოლიტიკურ ვალიდურობასთან, ასევე მის გრძელვადიან ეკონომიკურ შედეგებთან.

ტარიფი არის გადასახადი, რომელსაც იმპორტიორი ქვეყანაში კონკრეტული საქონლის შეტანისას იხდის, ანუ თუ საქონელზე 25%-იანი ტარიფი მოქმედებს, ესე იგი, იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში პროდუქტის ღირებულების 25%, ანუ მეოთხედი გადაიხადოს. ტარიფი იმპორტულ საქონელს აძვირებს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზარზე გარკვეულ დროებით შეღავათს სთავაზობს, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ ქვეყანაში, რომელიც ტარიფებს აწესებს, ხშირად, სამომხმარებლო კალათა ძვირდება, ანუ ინფლაცია იზრდება, ანუ მოქალაქეებს ხარჯები ეზრდებათ.

ტარიფების კუთხით გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი საგადასახადო პოლიტიკა, როგორც წესი, არ წესდება ცალმხრივად და აშშ-ის მიერ საგადასახო ბარიერების დაწესებას აუცილებლად ექნება პასუხი კანადის, მექსიკის და ჩინეთის მხრიდან. აზიურმა სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ქვეყანაში ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი მკვეთრად გააძვირა. ასეთივე ნაბიჯის გადადგმას კანადა, მექსიკა და ევროკავშირი გეგმავენ, რაც ნიშნავს, რომ ე.წ. “სავაჭრო ომის” პირობებში გლობალური ვაჭრობა გართულდება.

საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კანადა, მექსიკა და ჩინეთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან. გასულ წელს, მექსიკასთან სავაჭრო ბრუნვამ $840 მილიარდის, კანადასთან $762 მილიარდის, ჩინეთთან კი $582 მილიარდის ტოლი იყო. თუმცა დიდი რიცხვების მიუხედავად, ჩინეთთან და მექსიკასთან ამერიკის შეერთებულ შტატებს სავაჭრო დეფიტიცი აქვს, ანუ ამერიკა გაცილებით მეტ ჩინურ და მექსიკურ პროდუქტს ყიდულობს, ვიდრე პირიქით. დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება, დიდწილად, სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები