კანადაში ჯასტინ ტრუდოს მმართველობის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. მსოფლიოს რიგით მეცხრე უდიდეს ეკონომიკას ფინანსებში მრავალწლიანი და მრავლისმთქმელი გამოცდილების მქონე ეკონომისტი და ფინანსისტი, მარკ კარნი უხელმძღვანელებს. კანადის ლიბერალური პარტიის ყრილობაზე მარკ კარნიმ პარტიის წევრების ხმების სრული უმეტესობა მიიღო, ანუ ჯასტინ ტრუდოს შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე და ქვეყნის მმართველი სწორედ ის გახდება.
კანადის მომავალი პრემიერ-მინისტრი 59 წლისაა, რაც დასავლური პოლიტიკური სტანდარტებით საკმაოდ ახალგაზრდა ასაკად ითვლება, ანუ თუ კანადის ლიბერალური პარტია პარლამენტში უმრავლესობას შეინარჩუნებს, მარკ კარნი, შესაძლოა, პოლიტიკურ ველზე დიდი ხნის განმავლობაში ვიხილოთ. დღეს, კანადის ხელისუფლებას უმეტესწილად სწორედ “ლიბერალები” აკომპლექტებენ, რომელთაც პროცესებში ზურგს “ახალი დემოკრატიული პარტიის” წევრები უმაგრებენ.
ჯამში, გაერთიანებას საკანონმდებლო ორგანოში 178 წევრი ჰყავს, ანუ მთავრობას სწორედ ის აკომპლექტებს, მაგრამ ოქტომბრის არჩევნებზე ვითარება, შესაძლოა, შეიცვალოს. გამომდინარე იქიდან, რომ მარკ კარნი პრემიერ-მინისტრად უმოკლეს დროში, სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში დაინიშნება და თან, ის კანადის პარლამენტის წევრი არ არის, პრემიერ-მინისტრი ვალდებული იქნება არჩევნები მოიწვიოს, სადაც კონსერვატიული პარტიის ლიდერს, პიერ პულიევს დაუპირისპირდება.
როგორც გითხარით, კარნი დიდი გამოცდილების მქონე ტექნოკრატია, რომელმაც ათწლეულზე მეტი ხანი Goldman Sachs-ის ლონდონის, ტოკიოს, ნიუ-იორკის და ტორონტოს ოფისებში მუშაობდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბანკში მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე მუშაობისას კარნი 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ რუსეთის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას და სამხრეთ აფრიკის კაპიტალის ბაზრის რეფორმას ხელმძღვანელობდა.
მოგვიანებით, ეკონომისტი კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გახდა, თანაც კარნის მანდატი 2007-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის დროს დაემთხვა, რომელსაც ის მშვენივრად გაუმკლავდა, რადგან კანადა ერთ-ერთი ის ეკონომიკა იყო G7-ში, რომელიც საკმაოდ მალე აღდგა. კანადის ცენტრალურ ბანკში გატარებული ხუთწლიანი პერიოდის შემდეგ, მარკ კარნიმ ინგლისის ბანკში გადაინაცვლა, სადაც არანაკლებ საინტერესო პროცესი — ბრექსიტი და მის შემდეგ არსებული კრიზისი დახვდა.
ახლა კი, მარკ კარნის კიდევ ერთი გამოწვევა ელის, რომელიც კანადის ხელმძღვანელობას უპრეცედენტო დროს გულისხმობს — მაშინ, როცა ქვეყანა დიდი ტარიფების წინაშე აღმოჩნდა, რომელიც მას მეზობელმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. როგორც მარკ კარნი ამბობს, კანადა არასდროს გახდება ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო დონალდ ტრამპმა, რომელიც კანადას საფრთხეს უქმნის, საკადრისი პასუხი უნდა მიიღოს. მისივე თქმით, კანადის ახალი ხელისუფლება შეამცირებს სამთავრობო დანახარჯებს და გაზრდის ინვესტიციებს, ააშენებს მილიონობით სახლს, შექმნის ახალ სავაჭრო დერეფნებს და კანადას გლობალურ ენერგეტიკულ გიგანტად აქცევს.
“გავაუქმებთ ნახშირბადის გადასახადს, რომელმაც ოჯახებს, ფერმერებსა და კომპანიებს შორის დაძაბულობა წარმოშვა. მოგების გადასახადის ზრდას შევაჩერებთ, რათა შემოქმედები და რისკზე წამსვლელები წავახალისოთ. უზრუნველვყოთ, რომ კანადა G7-ის ყველაზე ძლიერ ეკონომიკად დარჩება.
ამასთან, მტკიცე პოზიცია გვექნება გარე საფრთხეების წინააღმდეგ. დონალდ ტრამპმა კანადურ პროდუქციაზე დაუსაბუთებელი ტარიფები დააწესა, რაც ჩვენს სამუშაო ძალას და ბიზნესს აზარალებს. კანადამ სამართლიანად უპასუხა, და ჩვენი მთავრობა ტარიფებს არ გააუქმებს, სანამ სათანადო პატივისცემას არ მივიღებთ. კანადა არ არის და არასდროს იქნება ამერიკა. ეს ბრძოლა ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ მისთვის მზად ვართ. ისევე, როგორც ჰოკეიში – კანადა გაიმარჯვებს!
ჩვენ ვაწყდებით არა მხოლოდ გარე საფრთხეებს, არამედ შიდა პრობლემებსაც. პიერ პულიევის პოლიტიკა დაასუსტებს ჩვენს ეკონომიკას და ეროვნულ უსაფრთხოებას. მის ნებაზე რომ იყოს, ჩვენი პლანეტა დაიწვება. ეს არ არის ლიდერობა – ეს არის იდეოლოგია. ბაზრებს არ აქვთ ღირებულებები – მაგრამ ადამიანებს აქვთ. როგორც ლიბერალებს, ჩვენი ვალდებულებაა, ეკონომიკა ყველა კანადელისთვის გავაძლიეროთ”, — განაცხადა მარკ კარნიმ მას შემდეგ, რაც ლიბერალურმა პარტიამ ნდობა გამოუცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა ის მთავარი საკითხია, რომლის აღსრულება კანადის ახალ პრემიერ-მინისტრს მოუწევს. როგორც გახსოვთ, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადას 25%-იანი ტარიფი დაუწესა, ანუ კანადიდან იმპორტირებული საქონელი, ამიერიდან, სწორედ 25%-ით დაიბეგრება. გარდა ამისა, 25%-იანი ტარიფი აშშ-ში ალუმინის და ფოლადის იმპორტზეც მოქმედებს, რომელიც ყველა ქვეყანას დაუწესდა. კანადის შემთხვევაში, ტარიფების დაწესებას დონალდ ტრამპი აშშ-ში ნარკოტიკების, კერძოდ ფენტანილის იმპორტით ხსნის, რომელიც, მისი თქმით, კანადის და მექსიკის გავლით ჩინეთიდან ხორციელდება.
ტარიფი არის გადასახადი, რომელსაც იმპორტიორი ქვეყანაში კონკრეტული საქონლის შეტანისას იხდის, ანუ თუ საქონელზე 25%-იანი ტარიფი მოქმედებს, ე.ი. იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში პროდუქტის ღირებულების 25%, ანუ მეოთხედი გადაიხადოს. ტარიფი იმპორტულ საქონელს აძვირებს, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზარზე გარკვეულ დროებით შეღავათს სთავაზობს, მაგრამ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ ქვეყანაში, რომელიც ტარიფებს აწესებს, ხშირად, სამომხმარებლო კალათა ძვირდება, ანუ ინფლაცია იზრდება, ანუ მოქალაქეებს ხარჯები ეზრდებათ. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კანადა მთავარი სავაჭრო პარტნიორია. გასულ წელს, აშშ-ის საგარეო სავაჭრო ბრუნვა კანადასთან $762 მილიარდის ტოლი იყო.
კანადის მთლიანი შიდა პროდუქტი $2.1 ტრილიონი დოლარია, ანუ ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-9 ადგილს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დოვლათი $55,500-ის ტოლია, რაც ნიშნავს, რომ კანადელები საკმაოდ კარგად ცხოვრობენ. ბოლო წლებში, კანადაში პრობლემად იქცა ინფლაცია, მაგრამ ცენტრალური ბანკის ჩარევით გამოწვევა დაიძლია, რასაც ვერ ვიტყვით უმუშევრობის დონეზე, რომელიც საკმაოდ მაღალ 6%-ზე არის შენარჩუნებული. კანადის ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და ის ბუნებრივ წიაღისეულზე, წარმოებაზე და სერვისებზე მოდის. ქვეყნის მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ნავთობს, ურანს, ნიკელს და თუთიას ვხვდებით.