კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის თქმით, ტექნოლოგიური პროგრესის მიუხედავად, ტელეკომ ბაზარზე კვლავ არაერთი გამოწვევა რჩება, თუმცა მთავარი სატელეკომუნიკაციო სერვისებზე არსებული მაღალი ფასებია. მან ამის შესახებ „ტელეიმედის“ ეთერში განაცხადა.
კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომისია ბოლო წლებია ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობს და არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს: „კომპლექსური კვლევის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კომისიამ კომპანია „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და ფიქსირებულ და მობილურ ბაზრებზე რიგი ვალდებულებები დააკისრა.“ - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურის თქმით, რეგულაციები მიღებულია, თუმცა გამოწვევები რჩევა, კომისია დაითვლის ფასს, რომლის მიხედვითაც მცირე ოპერატორებს ექნებათ შესაძლებლობა დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურა გამოიყენონ, რაც საბოლოოდ ხარისხზე და მომხმარებლებზე აისახება.
ComCom-ის თავმჯდომარემ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში, შემზღუდველი გარემოს გამოსწორების მიზნით, კომისიამ „მაგთიკომს“ ქსელის გაზიარების ვალდებულებასთან ერთად, სატარიფო რეგულირების ვალდებულებები განუსაზღვრა. მისივე თქმით, ეს უზრუნველყოფს დაშვების მსურველი კომპანიებისთვის სამართლიან პირობებს ბაზარზე თავის დამკვიდრებისთვის.
მისი თქმით, ეს ნაბიჯები საქართველოს კიდევ უფრო მეტად დააახლოებს მთავარ მიზანთან - გახდეს რეგიონული ციფრული ჰაბი: „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საშუალებით, საქართველოს აქვს ბუნებრივი უპირატესობა და შესაძლებლობა გახდეს რეგიონის ციფრული ჰაბი და მოიზიდოს ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები როგორებიცაა გუგლი, ამაზონი, მეტა, მაიკროსოფტი და სხვები,“- განაცხადა კახა ბექაურმა.
ამას გარდა, როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკა ნათლად აჩვენებს მასშტაბურ პროგრესს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მიმართულებით.
„ათი წლის წინ ფიქსირებული ინტერნეტით ოჯახების მხოლოდ 42% სარგებლობდა, დღეს კი ამ სერვისით ოჯახების 97% სარგებლობს",- აღნიშნა მან.
ComCom-ის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზეც და ხაზი გაუსვა, რომ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 10 წლის წინ 1.8 მილიონი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 4.6 მილიონია. კახა ბექაურმა თქვა ისიც, რომ დღეს საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, რაც, მისი შეფასებით, ტელეკომ სექტორის პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.
კახა ბექაურმა ყურადღება სექტორის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა: „ტელეკომ სექტორში ბოლო ათ წელიწადში 66,5%-ით გაზრდილი შემოსავლები. ბოლო მონაცემებით, ტელეკომ ოპერატორების შემოსავალი 1.787 მილიარდი ლარი იყო. ხოლო, რაც შეეხება მაუწყებლების შემოსავლებს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, მათი შემოსავლები ბოლო ათ წელიწადში 45%-ით გაიზარდა და 150.8 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.




























