მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სათხილამურო სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს" - რა დახვდებათ ვიზიტორებს ზამთრის კურორტებზე?

გუდაური

2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ BM.GE-ის მთის ტრასების სააგენტოში (MTA) განუცხადეს.

როგორც მთის ტრასების სააგენტოში აღნიშნავენ, გუდაურსა და ბაკურიანში ვიზიტორებს სრულიად ახალი სათხილამურო არეალი დახვდებათ.

“გუდაურს დაემატა ახალი 4 კილომეტრიანი ტრასა, შესაბამისად, ტრასების ჯამური სიგრძე გახდა 80 კილომეტრი. ბაკურიანს კი დაემატა 3 კილომეტრი (დიდველის არეალში), რის შედეგადაც ბაკურიანში ტრასების ჯამური სიგრძე 36 კილომეტრი გახდა.

კურორტ გუდაურში მიმდინარეობს 4 ახალი სალაროსა და 1 ახალი სატრანსფორმატორო შენობა ნაგებობის მშენებლობა, ხდება არსებული ელ.მომარაგების ძალოვანი კაბელების გაძლიერება.

კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს გეგმური სარემონტო სამუშაოები და საჩემპიონატო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“,- აღნიშნავენ მთის ტრასების სააგენტოში.

საგულისხმოა, რომ მთის კურორტები საერთაშორისო ღონისძიებებს ამ სეზონზეც მასპინძლობს. როგორც მთის ტრასების სააგენტოში აღნიშნავენ, ეს ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.

როგორც მოგეხსენებათ, 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ, საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის, მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებს. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოს სამთო კურორტებზე - გუდაურსა და ბაკურიანში, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში ჩატარდება, რომელიც დეკემბერსა და მარტში გაიმართება.

ასევე, საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორის არის ვისაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად, რომელსაც უკვე მეორედ სვანეთში, კურორტ თეთნულდზე ვუმასპინძლებთ. ფრირაიდის მსოფლიო ტური ჯამურად 300 მლ. მაყურებელს ფარავს. აღნიშნული საერთაშორისო ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მაღალი სტანდარტით ჩატარება, კი წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით“,- ამბობენ სააგენტოში.

რაც შეეხება სეზონის გახსნის სავარაუდო თარიღებს, მთის ტრასების სააგენტოს განმარტებით, სეზონის გახსნა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნალექსა და ყინვაზე.

„ჩვენ ვიქნებით სრულ მზადყოფნაში, როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა მაშინვე გავხსნით 2024-2025 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონს“,- ამბობენ მთის ტრასების სააგენტოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები