National Geographics-ი სათავგადასავლო მოგზაურობისთვის 20 საინტერესო მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც, პარიზში მარათონში მონაწილეობასა და კიოტოში ცოცხალი მუსიკის საღამოზე დასწრების რეკომენდაციასთან ერთად, საქართველოში სათხილამურო ტურის გამართვაც მოხვდა. გამოცემა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულ მოგზაურებს UNESCO-ს მიერ კავკასიის მთებში აღიარებული სოფლების მონახულებასა და საქართველოში თხილამურობისკენ მოუწოდებს, საილუსტრაციო ვიდეოში კი უშგულის პეიზაჟებია გამოსახული.
“ეს გვერდი პორტალია. არა, მართლა ასეა: ჩვენი ყოველწლიური გამოცემა მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო თავგადასავლების შესახებ აქაა და ის პარიზის ქუჩებს, თოვლით დაფარულ კავკასიონის მთებსა და ალჟირის მრავალსაუკუნოვან კლდეებს მოიცავს. ამ ადგილებთან უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი კავშირისთვის, National Geographics-ის გლობალური ექსპერტები მოვიწვიეთ და 2024 წლის საუკეთესო სათავგადასავლო ტურისტული მიმართულებების სიაც შევადგინეთ”, - წერს გამოცემა.
National Geographics-ის რეიტინგში საქართველო მესამე ადგილს იკავებს.
“მაღალმთიან საქართველოში, თხილამურებით სრიალს ხანგრძლივი სატრანსპორტო, სანადირო თუ კვლევითი ისტორია აქვს. ახლა კი ვიზიტორებს უკვე საკუთარ თავზე შეუძლიათ კავკასიონის მთებზე სრიალის გამოცდილება მიიღონ. სვანეთში გამართული ექსკურსიები მოთხილამურეებს ტვიბერის უღელტეხილის პანორამულ ხედებამდე ან უშგულის შუასაუკუნოვან სოფლებამდე მიიყვანს, ისევე როგორც ევროპის ყველაზე მაღალ წერტილზე, რომელიც მუდმივად დასახლებულია. სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდი დეკემბრიდან აპრილამდეა”, - წერს National Geographics.
რეიტინგში ასევე მოხვდა: კენიაში, საფარიში ცხენებით გასეირნება; კატმაის ეროვნულ პარკში დათვებზე დაკვირვება; კოლუმბიაში, მაგდალენას მდინარეზე ეპიკური კრუიზი; დასავლეთ ავსტრალიაში ზვიგენებთან ერთად ცურვა და სხვა.