საჯარო სკოლების პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, ფორმები როგორც საცალო გაყიდვების, ისე ონლაინ-პლატფორმის მეშვეობით გაიყიდება, თუმცა რა პლატფორმა იქნება ეს ჯერ არ გაუჟღერებია. საქართველოში პროდუქციის პირველი პარტიის შემოსვლას 20-დან 25 აგვისტომდე ელიან.
მინისტრის თქმით, ფორმების შეკერვისა და ტრანსპორტირების პროცესი დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო კონტრაქტორმა მხარემ ჩინეთში არსებული ექვსივე ქარხანა უკვე დეტალურად შეამოწმა.
„პირველ რიგში გეტყვით, რომ სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად კონცენტრირებული და დაპრიორიტეტებული ეს მიმართულება. ყოველდღიურ რეჟიმში, ფაქტობრივად საათობრივად გვაქვს ინფორმაცია ტვირთებზე. 20-დან 25 აგვისტომდე ველოდებით პირველი პარტიის შემოსვლას. ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ ჩინურ კომპანიასთან განსაზღვრა, რომ 15 სექტემბრამდე უნდა მოხდეს პირველკლასელების უზრუნველყოფა სასკოლო ფორმებით, ხოლო კიდევ ორი ეტაპი განხორციელდება, რომლითაც პირველი სემესტრის დასასრულამდე მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები იქნებიან უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, ფორმების შესაძენად EMIS-მა სპეციალური ონლაინ პლატფორმა შეიმუშავა. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საბანკო სექტორთან, რათა მომხმარებლებმა კონკრეტული ბარათებით სარგებლობისას დამატებითი შეღავათები მიიღონ.
„იქნება როგორც საცალო გაყიდვები, ასევე ონლაინ გაყიდვის რეჟიმი. ამისთვის, EMIS-მა შეიმუშავა სპეციალური პლატფორმა, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და ამჟამად ვასრულებთ ხელშეკრულების გაფორმების პროცესს ბანკებთან, რომელთაც აქვთ გარკვეული შემოთავაზებები საშეღავათო პირობებთან დაკავშირებით. პარალელურად მიმდინარეობს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტის მერებთან კომუნიკაცია იმის თაობაზე, რომ მოხდეს კონკრეტული სავაჭრო სივრცეების იდენტიფიცირება, სადაც მოხდება დამატებით საცალო რეალიზება“, - განაცხადა მინისტრმა.
მიქანაძემ, კიდევ ერთხელ დააზუსტა ფორმების ღირებულებაც: ერთი პიჯაკის ფასი 45 ლარით განისაზღვრა, ხოლო შარვლის ან ქვედაბოლოს 25 ლარით. მიქანაძის თქმით, ეს ტარიფი საერთაშორისო სტანდარტების ხარისხის გათვალისწინებით ბევრად ეკონომიურია, ვიდრე მშობლების ყოველწლიური დანახარჯები.
დადგენილების მიხედვით, ბიჭებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმის კომპლექტი მოიცავს ერთ პიჯაკსა და ორ შარვალს, გოგონებისთვის კი - ერთ პიჯაკს, ერთ შარვალსა და ერთ ქვედაკაბას.
მინისტრის ბრძანებით, ორივე კომპლექტის ფიქსირებული საცალო ღირებულება 95 ლარია. ერთი პიჯაკის ფასი 45 ლარით, ხოლო ერთი შარვლისა და ერთი ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა.
სახელმწიფომ სასკოლო ფორმების შესყიდვაზე 45.66 მლნ ლარის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებში 1.801 მლნ ერთეული ფორმა უნდა დამზადდეს. ფორმების მიწოდება სამ ეტაპად, 2026 წლის 25 აგვისტოდან 30 ნოემბრამდე განხორციელდება.




























