„სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მსოფლიოში ნავთობის რეკორდული გაძვირების ფონზე, საქართველოს ბაზარზე გარკვეულწილად უცნაური ვითარებაა შექმნილი.
როგორც ზაალ იაკობიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებზე, საცალო ქსელში საწვავი უფრო იაფი ღირს, ვიდრე საბითუმო ბაზარზე. ზაალ იაკობიძე ამბობს, რომ ეს გარემოება თავის მხრივ, იმით აიხსნება, რომ კომპანიები მარაგების ამოწურვის შიშით, პრაქტიკულად უარს ამბობენ საბითუმო ბაზარზე ნავთოპროდუქტების გაყიდვაზე.
მისი თქმით, ყველა კომპანია არსებულ ნაშთებს ძალიან უფრთხილდება, რადგან მომდევნო პერიოდში შესაძლოა, გაცილებით მაღალ ფასად მოუწიოთ ნავთობპროდუქტების იმპორტი.
„ბევრ ავტოგასამართ სადგურზე ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს არის საბითუმო ბაზარზე. როგორც წესი, მუდმივად პირიქით არის, რა თქმა უნდა, ჯერ საბითუმო ფასია და მერე საცალო ფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიები პრაქტიკულად უარს ამბობენ უკვე საბითუმო გაყიდვაზე იმის შიშით, რომ მათ არ გამოელიოთ მარაგი და არ გაუთავდეთ საწვავი და საკუთარ ქსელებში ვერ შეიტანონ შესაბამისი პროდუქცია.
ეს იმას ნიშნავს, რომ არსებულ ნაშთებს ყველა კომპანია ძალიან უფრთხილდება უკვე. არ უნდათ, რომ ნაშთები ძალიან შეუმცირდეთ და საერთოდ გაუნულდეთ. აქედან არის გამომდინარე ის, ახლა დიდი რაოდენობით გაყიდვა საბითუმო ბაზარზე კომპანიებისათვის პრობლემატურია იმ შიშით, რომ ხვალ-ზეგ შეიძლება გაცილებით მაღალ ფასად მოუწიოთ [საწვავის] შესყიდვა, ან საერთოდ გაუთავდეთ. ამის გამოა, რომ უკვე ხელუხლებელი მარაგის საკითხი გაჩნდა“, - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.
ცნობისთვის, მსოფლიოში ნავთობის ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავის გაძვირება გრძელდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბენზინის ფასი კიდევ 5-20 თეთრით, დიზელის კი 15-32 თეთრით გაიზარდა.




























