მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საწვავის ფასების შესაძლო შემცირებაზე გარკვეული დისკუსია შესაძლებელია" - მთავრობა

ფასების კომისია

ფასების სამთავრობო კომისიისა და ნავთობკომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. ბიზნესი მთავრობის ადმინისტრაციაში 13 საათისთვის მივიდა და როგორც ირკვევა, დისკუსია დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მთავრობის ადმინისტრაციამ კი პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომისიის სხდომაზე განიხილეს საქართველოში საწვავზე არსებული ფასები და მისი შესაძლო შემცირების რესურსი.

"სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საწვავის ფასები გაცილებით დაბალია, რაც მათ შორის განპირობებულია იმით, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში ევროპულ ქვეყნებში დაწესებულ შესაბამის გადასახადზე დაახლოებით 3-ჯერ ნაკლებია, თუმცა ამის მიუხედავად, გარკვეული დისკუსია ფასების შესაძლოემცირებასთან დაკავშირებით შესაძლებელია", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მოისმინა საწვავის კომპანიების წარმომადგენლების მოსაზრებები, როგორ აფასებენ ისინი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, მიწოდების ჯაჭვის მუშაობას, ასევე ფასწარმოქმნის მექანიზმს.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო რეჟიმში დიალოგი გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით დისკუსია მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისიის ფორმატში გადაინაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები