მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ხარჯის გამო გემთმფლობელები იძულებულნი არიან ახალი გადასახადები შემოიღონ - "ტრანს ლოგისტიკა"

რუსული ფლოტი

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გავლენით ნავთობზე ფასების მატებამ საზღვაო ხაზებს დამატებითი მოსაკრებლების შემოღებისკენ უბიძგა. ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საწვავის გაზრდილი ხარჯის გათვალისწინებით საზღვაო ხაზებმა დამატებითი გადასახადები დააწესეს.

აღსანიშნია, რომ საზღვაო სექტორისთვის საწვავი ხარჯების დაახლოებით 70%-ს შეადგენს. თუ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დაწყებამდე დიზელის საწვავი 1 ტონაზე 800 დოლარი ღირდა, კრიზისის შემდეგ ფასი გაორმაგდა და 1600 დოლარს გადასცდა. შესაბამისად, როგორც ბიზნესი ამბობს, გემთმფლობელები იძულებული არიან ხარჯები დამატებითი გადასახადების შემოღებით დააბალანსონ.

"ტრანს ლოგისტიკას" ხელმძღვანელი ეკონომისტების გათვლებზე დაყრდნობით BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ჰორმუზის კრიზისი ერთ წელს გაგრძელდება, ეს სანაოსნო კომპანიებს დამატებით 35 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ.

„საწვავის ხარჯი გემთმფლობელებს პირდაპირ აწვებათ და იძულებულნი არიან შემოიღონ ე.წ საგანგებო კონფლიქტის დანამატი, ომის რისკის დანამატი და ა. შ. ამის გარდა, საზღვაო ხაზებმა ფაქტობრივად გააჩერეს სერვისები საამიროების პორტებში და შემოიღეს ალტერნატიული მარშრუტები, მაგალითად, ტვირთი იცლებოდა ჯედას პორტში, საუდის არაბეთში, საიდანაც ე.წ სახმელეთო ხიდები შეიქმნა და უდაბნოს გავლით ავტოტრანსპორტის მეშვეობით ხდებოდა ტვირთების გადაზიდვა.

კლიენტებს დამატებით ხარჯად ასევე დააწვათ ტრანზიტული დროისა და კონტეინერის დაქირავების ანაზღაურება. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერმა გააძვირა გემთმფლობელისთვის დანახარჯი, საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი დააწვა უკვე მომხმარებელს. რა თქმა უნდა, ინფლაციური პროცესები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და გარკვეული არასასურველი შედეგი დაუდგა ყველას.

გარდა საზღვაო სექტორისა, ძალიან ცუდი გავლენა იქონია საავიაციო სეგმენტზე, იმიტომ რომ ჯერ საავიაციო საწვავზე გაიზარდა ფასი და გარკვეული შეზღუდვები შეიქმნა მიწოდებაში, ანუ ფიზიკურად პროდუქტი არ არსებობდა და გარკვეულ კომპანიებს სერვისების გაჩერებაც მოუწიათ.

რომ დაითვალეს ეკონომისტებმა, ერთი წელი რომ გაგრძელდეს ჰორმუზის სრუტის კრიზისი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სანაოსნო კომპანიებზე, გემთმფლობელებზე - ეს ციფრი იყო 35 მილიარდი დოლარი, რაც დამატებით ხარჯად დააწვება სანაოსნო კომპანიებს. ფაქტობრივად სერიოზული დარტყმაა ეს როგორც სანაოსნო სეგმენტისთვის, ასევე რა თქმა უნდა ეს 35 მილიარდი შემდგომ გადავა უკვე საბოლოო მომხმარებლებზე, საცალო ფასებზე და ა.შ.“,-აცხადებს „ტრას ლოგისტიკას“ ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები