მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის ხარჯვის კონტროლის სუსტი მექანიზმები, დარღვეული ლიმიტები და დაუსაბუთებელი ხარჯები - კასპის მუნიციპალიტეტის აუდიტი

საწვავი

კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს.

ამასთან, მუნიციპალიტეტში სათანადოდ არ იყო დაცული მათივე დაწესებული კონტროლები, მათ შორის საწვავის ხარჯვის ლიმიტები, რის შედეგადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციისათვის ხარჯები რიგ შემთხვევაში დაუსაბუთებლად იქნა გაწეული.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
„მნიშვნელოვანია თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საწვავის ლიმიტი განისაზღვროს კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ხარჯვის ეკონომიური და რაციონალური პრინციპების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტის მერია ვალდებულია აკონტროლოს საწვავის ხარჯვა დაწესებული ლიმიტის ფარგლებში“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

აუდიტის მიხედვით, 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა ბალანსზე დარიცხულ 4 განპიროვნებულ და 6 სამორიგეო ავტომანქანას. ამ პერიოდში მუნიციპალიტეტმა 57.6 ტონა საწვავი მოიხმარა, რომლის ღირებულებამ 171.8 ათასი ლარი შეადგინა.

საწვავის ხარჯვის დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად აუდიტმა რამდენიმე პრობლემური გარემოება გამოავლინა. კერძოდ, 2022 წლის სამ თვეში ერთ-ერთ ავტომანქანაზე 455 ლიტრით მეტი საწვავი დაიხარჯა, ვიდრე მერის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტი ითვალისწინებდა.

გარდა ამისა, ავტომანქანების დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ საკრებულოს სარგებლობაში არსებული ავტომობილის საწვავის ავზზე დამონტაჟებული აგაი სისტემის მთლიანობა დარღვეული იყო, რაც შესაძლებელს ხდიდა მის გადაადგილებას. ასევე დადგინდა, რომ 40 შემთხვევაში 1.3 ტონა საწვავი ჩასხმულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ავტოგასამართ სადგურებში, რაც აუდიტის შეფასებით, სავარაუდოდ, არ უკავშირდება მოხელეების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

აუდიტმა მუნიციპალიტეტის ავტოპარკის მოვლა-შენახვისა და ტექნიკური მომსახურების ხარჯებიც შეისწავლა. წარმოდგენილი მონაცემებით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 21 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომანქანა, ხოლო 2022-2023 წლებში ფაქტობრივად გამოიყენებოდა 10 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. სააუდიტე პერიოდში მათი მოვლა-შენახვისა და ექსპლოატაციისათვის მუნიციპალიტეტმა 122.4 ათასი ლარი დახარჯა.

ხელშეკრულებების შესწავლისას აუდიტმა სხვადასხვა დარღვევა და ნაკლოვანება გამოავლინა. ანგარიშის მიხედვით, 130-ზე მეტ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების ან მომსახურების ღირებულება პრეისკურანტში არ იყო გათვალისწინებული და ფასი მხარეებს შორის შეთანხმებით განისაზღვრა.
„მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები, რამდენად საბაზრო ფასის გათვალისწინებით განისაზღვრა ერთეულის ღირებულება. შედეგად, 28.0 ათასი ლარის ხარჯი სათანადო დასაბუთების გარეშეა გაწეული“,- ვკითხულობთ აუდიტის პუბლიკაციაში.

აუდიტმა ასევე შეისწავლა მუნიციპალიტეტსა და შპს URBAN MOTORS-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 50 ათასი ლარი იყო. დოკუმენტაციის ანალიზმა აჩვენა, რომ სამი ავტომანქანის შემთხვევაში ერთი და იმავე დეფექტური აქტისა და მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე მიმწოდებელს 6 ათასი ლარი ორჯერ აუნაზღაურდა.

პასუხისმგებელი პირის განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა მექანიკური შეცდომით იყო გამოწვეული და მოგვიანებით, 2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში, მიმწოდებელმა ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის ოთხ ავტომანქანას მომსახურება დამატებითი აქტების გარეშე გაუწია.

აუდიტის ჯგუფმა ასევე შეადარა სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების ერთეულის ფასები პრეისკურანტსა და მიღება-ჩაბარების აქტებში მითითებულ მონაცემებს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ 25-ზე მეტ შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს გაწეული მომსახურებისათვის 1.4 ათასი ლარით მეტი თანხა აუნაზღაურა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

გარდა ამისა, აუდიტმა გამოავლინა რისკის შემცველი გარემოებაც: 2023 წლის დეკემბერში ერთ-ერთი ავტომანქანის რემონტისთვის მიმწოდებელს 7.6 ათასი ლარი აუნაზღაურდა. დეფექტური აქტის მიხედვით, სავარაუდოდ, ჩატარებული სამუშაოები არ უკავშირდება ავტომობილის ექსპლოატაციისას წარმოქმნილ დაზიანებებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად იყო გამოწვეული, მუნიციპალიტეტს ზარალის ანაზღაურებისთვის უნდა მიემართა სადაზღვევო კომპანიისთვის ან მატერიალურად პასუხისმგებელი პირისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები