საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, საწვავის რეალიზატორების მოგების მაჩვენებელი 2022 წელსთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე GCCA-ის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას, სააგენტოს ხელმძღვანელმა კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ საწვავის რეალიზაცია დღეს მინიმალური მოგების მაჩვენებლებით ხდება.
"ჩვენ ყოველკვარტალურად ვუყურებთ ბაზარზე არსებულ ვითარებას – კომპანიების პოზიციონირებას იმპორტის და საცალო დონეზე. შემიძლია გითხრათ, ბოლო მონაცემებით, იმპორტის დონეზეც, საცალო დონეზეც კონცენტრაციის ინდექსი და რაოდენობა კომპანიების – საცალო ბაზარზე დაახლოებით 400-მდე კომპანიაა და 40-ზე მეტი კომპანიაა, ვინც იმპორტს ახორციელებს. იმპორტშიც და საცალო ბაზარზეც ხუთი მსხვილი კომპანიის წილი 66%-ია, რაც ცოტა არ არის. ეს რიცხვი ბოლო პერიოდში სტაბილურია. ამიტომაც ჩვენი მონიტორინგის ფარგლებში, ვუყურებთ, ხომ არ ხდება ისეთი პროცესი, რა პროცესსაც ადგილი, მაგალითად, 2022 წლის აპრილ-აგვისტოს პერიოდში ჰქონდა. მაშინ ჩვენი ეჭვის მთავარი მიზეზი მაღალი მოგების მაჩვენებელი იყო, რაც ყველა ტიპის საწვავზე რომ ავიღოთ დაახლოებით 80 თეთრიდან 1.2 ლარამდე იყო. ახლა ეს მაჩვენებელი, ტაბლოს ფასიდან ხარჯების გამოკლებით მაჩვენებელს თუ ავიღებთ, სადღაც 18 თეთრიდან 30 თეთრის ფარგლებშია. ამას თუ ჩამოვაკლებთ ასევე ლოიალობის პროგრამებს, სადაც დაახლოებით 7-12-თეთრიანი სხვაობას ეძლევათ, მაგალითად, თუ რომელიმე კომპანიის ბარათი მაქვს, მაგალითად, თუ თვითმომსახურების სადგურზე შევდივარ, იქ დაახლოებით ასევე 5-10-თეთრიან სხვაობის მაჩვენებელს ვიღებთ და ასევე არიან მცირე ქსელები, სადაც შემიძლია ეს სხვაობა რეალურად დავიჭირო – მინიმალური მოგების მაჩვენებლებზე მიდის დღეს მუშაობა", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, რომ საწვავის ფასს საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები განსაზღვრავს.
"ძალიან მგრძნობიარე ბაზარია და ყველა მოქალაქეს აწუხებს. რა აფორმირებს ფასს, ეს არის საგარეო, მსოფლიო ფასი, რომელიც დგება ეგრეთ წოდებული „პლატსის“ მიხედვით და ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, „პლაცის“ ღირებულებას. მეორე არის ვალუტის კურსი, რომელიც ბოლო ორ წელიწადში საკმაოდ სტაბილურია და გამყარების ტრენდს აჩვენებს და მესამე არის მარაგების მაჩვენებელი. მაგალითად, მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ფასი რატომ არ აისახება მყისიერად ბაზარზე – იმიტომ, რომ უნდა ვუყუროთ მარაგებს და თუ მარაგები არის ძვირად შეძენილი პროდუქტების დროს გაკეთებული, ასეთ შემთხვევაში მისი მყისიერი გაიაფება ვერ მოხდება, უნდა დაელოდოს გაიაფებული იმპორტის ღირებულების შემოსვლას. ჩვენ ვუყურებთ იმპორტის ღირებულებას და როდესაც იმპორტის ღირებულება იაფდება და გონივრული ვადა გადის, ამის შემდგომ ვითხოვთ განმარტებებს კომპანიებისგან, მაგალითად, მოხდა თუ არა გონივრულ ვადაში, მარაგების გათვალისწინებით, საცალო ბაზარზე ფასის ასახვა. რაც შეეხება პიკურ პროცესს, როდესაც, მაგალითად, ძვირდება მსოფლიო ბაზარზე ფასი და ეგრევე მყისიერად აისახება საცალო ფასზე, ეს არის ერთგვარი დაზღვევის მექანიზმი, იმიტომ, რომ დღევანდელი მიღებული შემოსავლით მან გაძვირებული საწვავი უნდა იყიდოს. ეს სწორი პრაქტიკაა, არ არის სწორი პრაქტიკა, თუ რისი შედეგია – სხვა არის, თუმცა პრაქტიკა ასეთია, იმიტომ, რომ ყველა იზღვევს საკუთარ რისკს....
უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: მას შემდეგ, რაც გლობალური კრიზისებია, მსოფლიო ბაზრის სტრუქტურა აბსოლუტურად შეცვლილია. ფასების განსაზღვრა მომავლისთვის ძალიან გაურკვეველია და ძალიან ბევრ კომპანიასთან ჩვენ ახსნა-განმარტებითი საუბრები გვაქვს და ინფორმაციის მიღების თემები. ყველა გვეუბნება, რომ აი ტრეიდერები თუ ადრე კონკრეტულ ფასებს გვთავაზობდნენ, დღეს ერთი ფასი შეიძლება იყოს, ხვალ მეორე ფასი დაიდოს, ისე შეიცვალოს პირობები და აბსოლუტურად ზემოქმედების ბერკეტი არის ნული. ამიტომ ეს ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ.
მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებისთვის მტკივნეულია საწვავის ფასი, დღეს, ასე რომ ვთქვათ, ის საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შედეგია და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში, ასე რომ ვთქვათ, ეს საგარეო გავლენა იქნება მინიმალიზებული", - თქვა ირაკლი ლექვინაძემ.
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. აგვისტოს დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის საწვავი 10-დან 55 თეთრამდეა გაძვირებული.
























