საწვავის ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესში რამდენიმე ფიქსირებული და ცვლადი კომპონენტი მონაწილეობს, სადაც გაიაფების რესურსი შეზღუდულია, თუმცა თეორიულად არსებობს - ამის შესახებ BMG-სთან „სენტა პეტროლეუმის“ გენერალური დირექტორი ზაალ იაკობიძე საუბრობს.
მისი განმარტებით, ფასწარმოქმნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ცვლადი კომპონენტი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასია (Platts).
კითხვაზე, თუ სად რჩება გაიაფების რესურსი - ზაალ იაკობიძე საწვავის ფასის შემცირების სამ ძირითად წყაროს ასახელებს. მათ შორის, კომპანიების მოგების მარჟების შემცირებაა.
იაკობიძის თქმით, საბითუმო ბაზარზე მოგება ისედაც მინიმალურია (1-3%), თუმცა რესურსი შესაძლოა მოიძებნოს საცალო ქსელებში:
“გაცილებით მოგებიანია და დიდი მარჟებია რა თქმა უნდა, საცალო ვაჭრობაში, ანუ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი თუ მოგება. იქ რაც უფრო მაღალი რეიტინგის კომპანიაა, მას უფრო მეტი მარჟა აქვს. კომპანიებს შეუძლიათ შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარი მოგების წილი შეამცირონ”.
კიდევ ერთი გზა საგადასახადო შეღავათები და აქციზის ფასის შემცირებაა.
“შეიძლება ასეც მივუდგეთ, რომ ბიუჯეტში შენატანები შემცირდეს. ერთ-ერთი რესურსია, თეორიულად ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, ბუნებრივია. სიტყვაზე შემცირდა აქციზი - შემცირდა ბიუჯეტში შენატანები. ეს რამდენად მისაღებია ქვეყნისათვის და ჩვენი ბიუჯეტის კუთხით, ეს ცალკე თემაა. მაგრამ თეორიულად - ეს გზა არის, რა თქმა უნდა. რამდენიმე წლის წინ აქციზი უფრო ნაკლები იყო და თუ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას იძლევა და არის დიდი სურვილი ფასების შემცირების, ეს ერთ-ერთი წყაროა ამ კუთხით”, - ამბობს ზაალ იაკობიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, დღეისათვის ლარის გამყარება დადებითი ფაქტორია, რაც საწვავის საბოლოო ფასის ფორმირებას შემცირების მიმართულებით ეხმარება.
ამასთან, „სენტა პეტროლეუმის“ ხელმძღვანელი ხაზს უსვამს, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასების საუკეთესო რეგულატორი ჯანსაღი კონკურენცია და ანტიმონოპოლიური პოლიტიკაა. რაც შეეხება ხელისუფლების მოწოდებას ფასების კორექტირების შესახებ, იაკობიძე ამაში პრობლემას ვერ ხედავს, თუ ეს კომპანიების შესაძლებლობების ფარგლებში მოხდება.
სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ ფასების სამთავრობო კომისია ნავთობპროდუქტების ფასებზე სამსჯელოდაც შეიკრიბა და სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯაროდ გავრცელებულ კომენტარებში, საწვავის მაღალ ფასებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა სამთავრო კომისიის წევრები მაინც მიიჩნევენ, რომ საწვავის ფასების შესაძლო შემცირებაზე გარკვეული დისკუსია შესაძლებელია.




























