მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საწყობები გავსებული გვაქვს" - "აგარის შაქრის" განცხადებით, 2024 წელი არასახარბიელო იყო

ქარხანა

აგარის შაქრის ქარხნის დირექტორთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ნათბილაძე აცხადებს, რომ კომპანიამ წელს იზარალა და წლის ბოლოსთვის საწყობები სავსეა შაქრის მარაგებით.

BM.GE-სთან საუბრისას მან ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებზე ისაუბრა და განმარტა, რომ წლის შედეგებიდან გამომდინარე კომპანია საახალწლო პრემიებს ვერ გასცემს, რადგან 2024 წელი კომპანიისთვის არასახარბიელო იყო.

„საახალწლო პრემიებთან დაკავშირებით სხვადასხვა წელს განსხვავებული მიდგომა გვქონდა, წლის შედეგებიდან გამომდინარე. წლევანდელი წელი ძალიან არასახარბიელო იყო. მთელი ჩვენი საწყობები შაქრის პროდუქციით არის გადავსებული და არ იყიდება. საახალწლოდ ადრე 1 ტომარა მათ ყოველთვის ჰქონდათ საჩუქრად, წელს ისე გავაკეთეთ, რომ 2 ტომარას ვჩუქნით თითო თანამშრომელს. შარშან რომ მიიღეს მე-13 ხელფასი, ეტყობა წელსაც ჰქონდათ ამის მოლოდინი. შედეგი არ არის შესაბამისი, როგორიც შარშან იყო და შესაბამისად, ვერანაირად ამ გადაწყვეტილებას ვერ შევცვლით“, - განაცხადა ნიკოლოზ ნათბილაძემ და დასძინა: „31 დეკემბერს დასრულდება მათი ხელშეკრულებებიც და ქარხნის მუშაობაც“.

კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იმასაც განმარტავს, რომ შაქრის გაყიდვის პრობლემა, ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო ჰქონდათ.

„კონკურენციაა ბაზარზე დიდი. რუსეთმა თავისი მოსავალი აიღო და ძველი მოსავლის მოცილება უნდა და იაფად ყიდის, შესაბამისად, ჩვენ ფასებით კონკურენციას ვერ ვუწევთ და მაქსიმალურად ვიზარალეთ. საწყობები გავსებული გვაქვს“, - განაცხადა ნათბილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები