მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“საწყობებში აქვთ ფერმერებს მარცვლეული და ვერ ყიდიან” - ხორბლის მწარმოებელი

ფერმერები

დაახლოებით 10 დღეში ალოობა დაიწყება, თუმცა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ფერმერებს შარშანდელი მოსავლის 10-15% ჯერ კიდევ გაუყიდველი აქვთ.

მიზეზი ქართულ ხორბალზე დაბალი მოთხოვნაა. ამის პარალელურად, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი ბოლო წლების მაქსიმუმზეა.

ფერმერები ამბობენ, რომ დაბალი ფასის გამო წისქვილებმა მარაგები გააკეთეს, ადგილობრივი წარმოების მარცვლეული კი იმპორტულს ფასით და ხარისხით კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ჯერ კიდევ წინა წლის მოსავლის რეალიზაციაც ვერ ხერხდება.

“დარჩენილია მოსავალი, რომელიც არ გაიყიდა. საწყობებში უწყვიათ ფერმერებს და ვერ ყიდიან. რეალურად მოთხოვნაც არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ფასი დაბალია. ძალიან დიდი რაოდენობით შემოვიდა იმპორტირებული ხორბალი და ქერიც. საწყობები გავსებულია, შესაბამისად წისქვილკომბინატებიც არ იღებს საქონელს, რადგან რეალურად დიდი მარაგები აქვთ შექმნილი.

ამას დაემატა ირანის კონფლიქტიც, რადგან ირანში გადიოდა ნედლეულის ნაწილი და ისიც გაჩერებულია”,-აცხადებს ხორბლის მწარმოებელი ბაჩო ჩხიკვიშვილი.

საქართველოში ხორბლის იმპორტი ბოლო წლების მაქსიმუმზეა. წლის პირველ 4 თვეში საქართველომ 28,7 მილიონ დოლარის ღირებულების 113 ათასი ტონა ხორბალი იყიდა ძირითადად რუსულ ბაზარზე.

ხორბლის/მესლინის იმპორტი: ( 2022-2026, იანვარ-აპრილი)

2022 წელი - $13,6 მლნ (41 666 ტონა)

2023 წელი - $14,4 მლნ (45 580 ტონა)

2024 წელი - $19 მლნ (19 000 ტონა)

2025 წელი - $25,5 მლნ (25 512 ტონა)

2026 წელი - $28,7 მლნ (113 000 ტონა)

საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ 4 თვეში საქართველოში რუსეთიდან 99 ათას ტონამდე ხორბალი შემოვიდა, რომლის ღირებულებამ 25,3 მილიონი დოლარი შეადგინა. შედარებით მცირე მოცულობების იმპორტი განხორციელდა ყაზახეთიდან და საამიროებიდან.

ხორბლის/მესლინის იმპორტიორი ქვეყნები: ( 2026, იანვარ-აპრილი)

რუსეთი - $25,3 მლნ (98 764 ათასი ტონა)

ყაზახეთი - $1,8 მლნ (7 838 ათასი ტონა)

საამიროები - $1,5 მლნ (6 399 ათასი ტონა)

ბელარუსი - $16,6 ათასი (21 ათასი ტონა)

თურქეთი- $3,6 ათასი (5,5 ათასი ტონა)

მარცვლეულის მწარმოებელი ამბობს, რომ გაძვირებული სასუქების და საწვავის გათვალისწინებით წელს ხორბლის თვითღირებულება გაზრდილია, შესაბამისად იმპორტირებულ ნედლეულთან კონკურენციის გაწევა ქართველ მწარმოებლებს სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდებათ.

“სახელმწიფომ უნდა დააწესოს შემოტანილ ნედლეულზე გადასახადი, რომ რამენაირად შეძლონ ფერმერებმა მისაღებ ფასში გაყიდონ პროდუქცია. მომავალში შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომ მთლიანად იმპორტზე დამოკიდებულები გავხდეთ. ფერმერებმა შეიძლება ხელი აიღონ ამ საქმეზე და ძალიან ცუდი ვითარება იქნება”,-აცხადებს ფერმერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები