„აპარტ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ჩქარეულის განცხადებით, გასული წლის ოქტომბრიდან უძრავ ქონებაზე შესუსტებული მოთხოვნა 2025-ში ზრდას აჩვენებს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას განაცხადა, ტრანზაქციების ზრდა იანვრიდან დაიწყო და ის არსებულ მოლოდინებზე მაღალია. მისივე მტკიცებით, ბაზარზე რაიმე ფორმით კრიზისი დაწყება საღ აზრს მოკლებულია.
„საარჩევნო პერიოდი ყოველთვის იწვევს ეკონომიკურ შენელებას და გამონაკლისი არც საქართველოს შემთხვევაში იქნებოდა. მოლოდინი გვქონდა, რომ ტურბულენტობის პიკი წლის ბოლოს იქნებოდა და ახალი წლიდან ბაზარი დასტაბილურებას დაიწყებდა - ასეც მოხდა. დეკემბერი მეტ-ნაკლებად აჩვენებდა ტრანზაქციების შემცირებას, თუმცა იანვრიდან სიტუაცია რადიკალურად გამოსწორდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ ეს ბათუმის ბაზარსაც ეხება. ჩვენი ჯგუფი ორივე ლოკაციაზეა გაშლილი.
რომ შევაფასოთ რამდენად კრიზისულია ვითარება, რამდენიმე ასპექტს უნდა გავუსვათ ხაზი, ეს არის პირველი ბაზრის მოცულობა და მიუხედავად იმისა, თუ რა მოლოდინები იყო შარშან მთელი წლის განმავლობაში უძრავი ქონების ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმზე იყო. თუ ავიღებთ წლევანდელ მონაცემებს, ბაზრის ზომა პირველ თვეშიც გაიზარდა. მეორე ინდიკატორია ფასებია - ტრანზაქციები შემცირდა და ბაზარი გაიზარდა, ეს ვერ მოხდებოდა ჯადოსნური ჯოხის დაქნევით, ეს გამოიწვია ფასების ზრდამ. ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს - ეს არის მიწა, რომელიც არა განახლებადი რესურსია და დეველოპერებისთვის ასეთი მიწები სულ უფრო მცირე ხდება. მესამე ფაქტორია მოთხოვნა და მიყვარს სტატისტიკის მოყვანა, რომლის მიხედვითაც ბათუმში, იმ პროექტებში, რომელიც წელს სრულდება 99% გაყიდულია, თბილისში - 75%, ამიტომ მოთხოვნის მხარე სრულიად ჯანსაღია. ამის ფონზე საუბარი იმაზე, რომ კრიზისული ვითარებაა და შეიძლება დეველოპერებს პრობლემები შეექმნათ, აზრს მოკლებულია", - აღნიშნა ვახტანგ ჩქარეულმა.