“აპარტ ჯგუფის” CEO-ს ვახტანგ ჩქარეულის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული მოთხოვნის კლება უძრავი ქონების ბაზარზე ლოგიკურია. როგორც ჩქარეულმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, 2-წლიანი ზრდის შემდეგ ბაზარი სტაბილიზაციისკენ მიდის, დღეს არსებული კლების მიზეზი კი გარე ფაქტორებთან ერთად წინასაარჩევნო პერიოდია.
„ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ამ ბაზარს ახლა აქვს, ვიცით, რომ ეკონომიკური აქტივობა ყოველთვის ნელდება საარჩევნო პერიოდში. იმდენად, რამდენადაც საქართველოში უძრავი ქონების მომხმარებლების დიდი ნაწილი არიან უცხოელები, ისინი უყურებენ სტაბილურ გეოპოლიტიკურ გარემოს და არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონში.
ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ორი მეზობელი რეგიონში ომობდა, საარჩევნო წელი გვაქვს და ასეთ პირობებში მოთხოვნა ყოველთვის ნელდება. ის უცხოელი ინვესტორი პირველ რიგში ამას უყურებს, რამდენად სტაბილურად და ჯანსაღად განვითარდება მოვლენები ქვეყანაში, ამიტომ ის მცირედი კლების ეფექტი, რაც ახლა უძრავი ქონების ბაზარზეა ვფიქრობ, ლოგიკურია და არ არის ამოვარდნილი. მაგის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ის მკვეთრი ზრდის ეფექტიც, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გვქონდა. იმის მერე მიდის სტაბილიზაციისკენ და ახლა მივედით იმ წერტილამდე, სადაც ეს ბაზარი უნდა იყოს“, - მიიჩნევს ჩქარეული.
ინფორმაციისთვის, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის 4-5%-იანი კლებით დასრულდება. როგორც კვლევების უფროსმა ირინა კვახაძემ BMG-ისა და საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტის“ ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, ბაზარი 2024 წელს სტაბილიზაციისკენ წავიდა და მოლოდინია, რომ ის 2025 წლისთვისაც განვითარების არსებულ ტემპს შეინარჩუნებს.
რაც შეეხება ბათუმს, წლის 8 თვეში ზღვისპირეთში კლება 14%-ია და მოლოდინია, რომ აჭარის უძრავი ქონების ბაზარი წელს 10-15%-იანი შემცირებით დაასრულებს. როგორც ღონისძიებაზე წარდგენილ კვლევაში იყო აღნიშნული, ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი გარე და შიდა ფაქტორების მიმართ გაცილებით მოწყვლადია, რაც კლების მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.