მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბარია 140 ენერგოპროექტზე, რომელთა სიმძლავრე 1150 მეგავატია - მელიქიძე ჯარიმების ჩამოწერაზე

მაია მელიქიძე

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების ჩამოწერა დაახლოებით 140 ენერგოპროექტს შეეხება, რომელთა დადგმული სიმძლავრე 1150 მეგავატია.

როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ამ პროექტებიდან უმეტესობა, 75% ჰიდროა, 20% - ქარი, 5% კი მზის პროექტები. მისივე თქმით, ამ ენერგოპროექტების უმეტესობა ძველია, რომლებიც დროში ბევრჯერ გადავადდა.

„5 სექტემბერს ჩვენ, დარგის წარმომადგენლებს შეხვედრა გვქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და განახლებულ ენერგეტიკულ გუნდთან. რეალურად 2 საათნახევრიანი შეხვედრა 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა და ერთ-ერთი საკითხი, ბუნებრივია, სწორედაც იყო გაჭიანურებული პროექტები, რომლის გამოც საკმაოდ სერიოზული ჯარიმები და საურავები იყო დარიცხული. რეალურად სექტორისთვის ეს არის ძალიან კარგი შანსი, ვინაიდან არსებობს ფინანსური ბარიერი და ტვირთი, რომელიც უნდა გადაეხადა ამათუ იმ ინვესტორს იმისათვის, რომ პროექტი გაეგრძელებინა და განეხორციელებინა და ეს შანსი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოს ინვესტორმა.

დაახლოებით საუბარია 140 პროექტზე, რომლის 75% არის ჰიდრო, 20% გახლავთ ქარი და 5% მზის ენერგიის პროექტები. ჯარიმების მოცულობა, 1 მილიარდი ლარი ჩვენ გვაძლევს იმ სიგნალს რომ ეს არ არის ახლანდელი და უახლესი პროექტები. ბუნებრივია, ეს არის არაერთგზის გადავადებული, დროში გაწელილი პროექტები. თუმცა ახლა დრო არის, რომ ეს პროექტები აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მომავალ წელსაც მოგვიწევს იმპორტის განხორციელება ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან იმისათვის, რომ ზაფხულის პერიოდი დავაკმაყოფილოთ", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები