მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდის არაბეთი ნავთობის ექსპორტის წითელ ზღვაში გადამისამართებას ცდილობს

საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco ცდილობს, ნედლი ნავთობის ექსპორტი ჰორმუზის სრუტის ნაცვლად წითელ ზღვაში მდებარე იანბუს პორტისკენ მიმართოს.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიშები მიიტანეს, სრუტეში ნავიგაცია პრაქტიკულად გაჩერდა, რამაც ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი კვირის განმავლობაში 12%-ით გაზარდა.

ერაყის მსგავსად, რომელიც იძულებული გახდა მოპოვება 1.5 მილიონი ბარელით შეემცირებინა, საუდის არაბეთიც პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირების კრიტიკული გამოწვევის წინაშე დგას.

ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენს დღეში 5 მილიონ ბარელამდე ნავთობის გადაქაჩვა შეუძლია წითელ ზღვაში, თუმცა ექსპერტები შიშობენ, რომ იანბუს ტერმინალს ამ მოცულობის ტვირთების მიღებისა და ტანკერებზე დატვირთვის ფიზიკური შესაძლებლობა არ ექნება. გარდა ამისა, თავად მილსადენის ან იანბუს პორტის ირანისა და მისი იემენელი მოკავშირეების სამიზნედ გახდობის საფრთხეც არსებობს. შექმნილმა ვითარებამ ტანკერების ფრახტის ღირებულება იანბუდან ორჯერ გაზარდა.

ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის საშუალება ჰაბშან-ფუჯაირას მილსადენის მეშვეობით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსაც აქვს, რომლის სიმძლავრეც დღეში 1.5 მილიონი ბარელია. თუმცა საფრთხის ქვეშაა ფუჯაირას პორტიც - სამშაბათს იქ საჰაერო თავდაცვის მიერ დრონის ჩამოგდების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რამაც დატვირთვის პროცესი შეაფერხა.

გლობალური ბაზარი ამჟამად განსაკუთრებითაა დაძაბული და ელოდება, რამდენად შეძლებენ ყურის ქვეყნები ალტერნატიული გზებით ნავთობის მიწოდების აღდგენას, რათა მოპოვების მასშტაბური შემცირება და ფასების კიდევ უფრო ზრდა თავიდან აიცილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები