საუდის არაბეთის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ირანში მიმდინარე ომისა და ენერგომომარაგების შეფერხების ფონზე, ნავთობის ფასმა შესაძლოა ბარელზე $180 დოლარს გადააჭარბოს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მაღალი ფასი სამეფოსთვის შემოსავლების ზრდას ნიშნავს, ერ-რიადში პროცესებს შეშფოთებით ადევნებენ თვალს.
როგორც ირკვევა, ფასების მკვეთრმა ზრდამ, შესაძლოა, გლობალური რეცესია გამოიწვიოს ან მომხმარებლები აიძულოს, ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში თქვან უარი. არსებული პროგნოზით, თუ მიწოდების ჯაჭვის აღდგენა აპრილის ბოლომდე ვერ მოხერხდება, ბაზარი დეფიციტის კრიტიკულ ფაზაში შევა.
აღსანიშნავია, რომ საომარმა მოქმედებებმა უკვე გამოიწვია ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივი ბლოკირება, საიდანაც მსოფლიო ნავთობის 20% გაედინება. თეირანის მიერ კატარისა და საუდის არაბეთის ენერგოობიექტებზე მიტანილმა დარტყმებმა Brent-ის მარკის ნავთობის ფასი უკვე $110-მდე აიყვანა. პარალელურად, მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ არსებული მარაგების ფიზიკური დეფიციტი მომავალი კვირიდან უფრო მწვავედ გამოვლინდება, რაც, ანალიტიკოსების შეფასებით, ფასებს ჯერ $140-იან, ხოლო აპრილის მეორე კვირიდან $150-იან ნიშნულამდე აიყვანს. ანალიტიკოსების შეფასებით, $150 არის ის ზღვარი, რომლის შემდეგაც შეიძლება დაიწყოს ე.წ. მოთხოვნის განადგურების პროცესი, რაც საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მომხმარებლების მასობრივად გადასვლას, წარმოების შემცირებას და ავიამიმოსვლების შეზღუდვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ კონფლიქტის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან დღემდე, ნავთობი უკვე 50%-ით გაძვირდა. სიცხადისთვის, აშშ-ში საწვავის საშუალო ფასმა გალონზე უკვე $3.88-ს მიაღწია, რაც პირდაპირ აისახება ინფლაციასა და სამომხმარებლო ხარჯებზე. ექსპერტების აზრით, თუ ივნისამდე სტაბილიზაცია არ მოხდა, ბარელზე $200 დოლარიც კი აღარ იქნება წარმოუდგენელი სცენარი, რაც გლობალურ ეკონომიკას მძიმე დარტყმას მიაყენებს.




























