საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ს ირანზე დარტყმებისთვის საჰერო სივრცეს არ გაუხსნის. როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, სალმანმა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან საუბრისას მეზობელი ქვეყნის ლიდერი დაარწმუნა, რომ საუდის არაბეთი შტატებს არ მისცემს უფლებას, მისი საჰაერო სივრცე ირანზე იერიშების მიტანისთვის გამოიყენონ. სატელეფონო საუბრისას მხარეებმა რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო გადაადგილებებიც განიხილეს.
იმის მიუხედავად, რომ საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვაშინგტონის უახლოესი არაბული მოკავშირეა, ბინ სალმანმა პეზეშკიანს განუცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ს ირანზე დარტყმებისთვის საჰაერო სივრცეს არ გაუხსნის. ამასთან, არ მისცემს უფლებას, მის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა აშშ-მა შეტევების განსახორციელებლად გამოიყენოს. ოფიციალური ელ-რიადის ამჟამინდელი პოზიციაა, რომ ირანსა და აშშ-ს შორის არსებული დაძაბულობა დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს, რადგან ყველა სხვა სცენარი რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, ამერიკასთას ომის დაწყების შემთხვევაში ირანი ჰორმუზის სრუტის სრულად ბლოკირებით იმუქრება. საუბარია იმ ვიწრო საზღვაო დერეფანზე, რომელზეც ნავთობის გლობალური მიწოდების 20-25%-ია დამოკიდებული და რომელზეც საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები თითქმის სრულად არიან დამოკიდებული.
ირანის პრეზიდენტი ტახტის მემკვიდრე პრინცის განცხადებას მიესალმა და თქვა, რომ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების მსგავსი განცხადებები სერიოზულად აუმჯობესებს ვითარებას და ამცირებს სამხედრო მოქმედებების რისკს. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის მსგავსად, ირანზე დარტყმების განხორციელებას არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ოფიციალურად ეწინააღმდეგება. ოფიციალური აბუ-დაბი აცხადებს, რომ არც ის მისცემს აშშ-ს უფლებას, მის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზა შტატებმა ომის წარმოებისთვის გამოიყენოს. განმარტებისთვის ორივე არაბულ სახელმწიფოში, სულ მცირე, თითო მასშტაბური სამხედრო ბაზა მდებარეობს.




























