საუდის არაბეთის რკინიგზამ (SAR) ახალი სატვირთო სარკინიგზო მარშრუტის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა, რომელიც არაბეთის ყურეში მდებარე პორტებს იორდანიის სასაზღვრო პუნქტთან აკავშირებს. კომპანიის განცხადებით, ეს სერვისი ხელს შეუწყობს საქონლის გადაადგილებას, მხარს დაუჭერს ექსპორტს და მიწოდების ჯაჭვების ეფექტიანობას გააუმჯობესებს.
SAR-მა დაადასტურა, რომ 400-ზე მეტი კონტეინერით დატვირთული მატარებლები, დაახლოებით 1 700 კილომეტრიან მარშრუტს დაფარავენ დამამის "მეფე აბდულაზიზის პორტიდან", "ჯუბაილის კომერციული პორტიდან" და "მეფე ფაჰდის ინდუსტრიული პორტიდან".
ისინი ჩრდილოეთ-სამხრეთის რკინიგზის გავლით ალ-ზაბირას კვანძამდე, შემდეგ კი ჩრდილოეთით - ალ-ჰადითასა და იორდანიისკენ იმოძრავებენ.
ეს განცხადება ჰორმუზის სრუტის მიმდინარე ბლოკადის ფონზე კეთდება, რომელიც ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ვიწრო საწყლოსნო გზით სპარსეთის ყურიდან სხვადასხვა საქონლის უსაფრთხო საზღვაო ტრანსპორტირებას აფერხებს.
საუდის არაბეთის ტრანსპორტის მინისტრმა სალეჰ ალ-ჯასერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ სატვირთო მატარებლებით ახალი ლოგისტიკური დერეფნის ამოქმედება "ტრანსპორტის რეჟიმების ინტეგრირების პრაქტიკულ მოდელს" წარმოადგენს.
თავის X-ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში SAR აღნიშნავს, რომ მარშრუტს აქვს პოტენციალი, დააკავშიროს შიდა ბაზრები აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის მეზობელ ქვეყნებთან.
"ის აძლიერებს კავშირს საუდის არაბეთის საზღვაო პორტებსა და ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის სახმელეთო გამშვებ პუნქტებს შორის", - აცხადებს კომპანია.
SAR-ის ცნობით, სხვა სახმელეთო სატრანსპორტო მეთოდებთან შედარებით, ახალი სერვისი გადაზიდვის დროს ანახევრებს.




























